რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი გრიგორი კარასინი რუსულ კანონზე საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს გამოეხმაურა და თქვა, რომ ზურაბიშვილი საკუთარ ქვეყანაში დესტაბილიზაციას “თავდაუზოგავად” ცდილობს.
“თავისებური ქალია ზურაბიშვილი, როგორც ჩანს საკუთარ ქვეყანაში დესტაბილიზაციას თავდაუზოგავად ცდილობს. პარლამენტში მმართველი უმრავლესობის მიერ მიღებული უცხოეთის გავლენის აგენტების კანონი მასში უცნაურად დაჟინებულ უარყოფას იწვევს. ჩნდება კითხვა – ვის ინტერესებს იცავს ქალბატონი პრეზიდენტი? სცენარი მთლიანობაში გასაგებია, მაგრამ პოლიტიკოსისთვის მნიშვნელოვანია არ დაკარგოს ზომიერების შეგრძნება”. – წერს კარასინი Telegram-ში 18 მაისს.
ზურაბიშვილის ვეტოს რუსეთის საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის ხელმძღვანელი კიდევ ერთხელ 19 მაისს გამოეხმაურა:
“პრეზიდენტი ზურაბიშვილი კვლავ გვაოცებს. მის მიერ 26 მაისს, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად პრეზიდენტ მაკრონის დაპატიჟება საერთაშორისო პრაქტიკას შეესაბამება. მაგრამ, რატომ თქვა ხმამაღლა ქალბატონმა პრეზიდენტმა, რომ ვიზიტის მიზანია “კავკასიის საბჭოთა ურდოსგან და რუსული გავლენისგან გათავისუფლება”? სააკაშვილის სტანდარტების მანიაკალური დაცვაა! ეს კი უკვე დიაგნოზს ჰგავს.”
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსულ კანონს ვეტო 18 მაისს დაადო. როგორც ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, მოტივირებული შენიშვნები პარლამენტს უკან უკვე გადაეგზავნა.
14 მაისს, საქართველოს პარლამენტმა რუსული კანონი III მოსმენით მიიღო. კანონპროექტს მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგი იყო 30 დეპუტატი.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მაშინვე თქვა, რომ კანონს ვეტოს დაადებდა, თუმცა “ქართულ ოცნებას” პარლამენტში ჰყავს დეპუტატების საკმარისი რაოდენობა, რომ ეს ვეტო დაძლიონ.
პრეზიდენტის ვეტოს შესახებ დეტალური განმარტებები წაიკითხეთ აქ.