TI: გიორგი ბაჩიაშვილის გატაცებაში სპეცსამსახურებთან ერთად, "ჯორჯიან ეარვეისიც" მონაწილეობდა
გიორგი ბაჩიაშვილის გატაცება
“საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” (TI) თანაინვესტირების ფონდის ყოფილი თავმჯდომარის, გიორგი ბაჩიაშვილის გატაცებასთან დაკავშირებით სამართლებრივ შეფასებას აქვეყნებს და საქემში ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” ჩართულობაზეც საუბრობს – რაც, ანგარიშის მიხედვით, არც არის გასაკვირი კომპანიის “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან და რუსეთთან კავშირებიდან გამომდინარე.
შეფასებაში შეჯამებულია ინფორმაცია, რომელზე დაყრდნობითაც, თითქმის დასტურდება, რომ 26 მაისს გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოში სწორედ “ჯორჯიან ეარვეისის” VIP ბორტით ჩამოიყვანეს.
რა წერია ანგარიშში
“როგორც ზემოთ უკვე აღინიშნა, ბაჩიაშვილის თქმით, მისი გატაცებისა და საქართველოში ჩამოყვანის სპეცოპერაციაში ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისიც” მონაწილეობდა. ბაჩიაშვილმა დაასახელა აღნიშნული ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავის ტიპიც – „ბომბარდიერი“, რომლითაც, ბაჩიაშვილის თქმით, ის საქართველოში ჩამოიყვანეს. ავიაკომპანია ამას, ცხადია, არ ადასტურებს. თუმცა, bm.ge-ს ცნობით, რომელიც სარადარო ინფორმაციას ეყრდობა, „26 მაისს აბუ-დაბიში GMT დროით 12:39-ზე, ანუ ადგილობრივი დროით 15:23-ზე დაეშვა “ჯორჯიან ეარვეისის” VIP ბორტი. 4L-TGB ხომალდს ფრენის 2/3-ზე გამორთული ჰქონდა სანავიგაციო გადამცემი და ის მხოლოდ სპარსეთის ყურის თავზე დაფრენამდე 20 წუთით ადრე ჩართო.
შესაბამისად, საჯარო მონაცემთა ბაზაში არ იძებნება ინფორმაცია რომელი ქვეყნიდან გამოფრინდა აღნიშნული ბორტი. დაშვების შემდეგ GMT დროით 14:25 წუთზე, ანუ ადგილობრივი დროით 18:25 წუთზე ხომალდი აფრინდა და სპარსეთის ყურის თავზე სანავიგაციო გადამცემი ისევ გამორთო, შესაბამისად, უცნობია, თუ სად დაეშვა აღნიშნული ხომალდი.“ ეს არასრული, თუმცა მაინც საკმაოდ ინფორმატიული ცნობა წარმოშობს დასაბუთებულ ვარაუდს, რომ შესაძლოა, ბაჩიაშვილის ინფორმაცია მისი გატაცების უკანონო სპეცოპერაციაში „ჯორჯიან ეარვეისის“ მონაწილეობის შესახებ სწორი იყოს.
ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისის” შესაძლო მონაწილეობა ამ უკანონო ოპერაციაში გაკვირვებას არ იწვევს “ქართული ოცნების” ხელისუფლებასთან და რუსეთთან მისი კავშირებიდან გამომდინარე.
2023 წლის ივლისში, უკრაინის ხელისუფლებამ კომპანია „ჯორჯიან ეარვეისი” და მისი დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი დაასანქცირა. ასევე დაასანქცირა თამაზ გაიაშვილის ძმა დავით გაიაშვილი, რომელიც „ჯორჯიან ეარვეისის“ 80%-ს ფლობს. სანქცირების მიზეზი „ჯორჯიან ეარვეისის“ რუსეთში ფრენებია, რომელიც 2023 წლის მაისში, კრემლის მხრიდან საქართველოზე ფრენების აკრძალვის გაუქმების შემდეგ დაიწყო. თამაზ გაიაშვილი საჯაროდ მიესალმა ვლადიმერ პუტინის გადაწყვეტილებას ფრენების აღდგენის შესახებ. უკრაინის მიერ კომპანიის სანქცირების გადაწყვეტილებაში ასევე აღნიშნულია, რომ გაიაშვილების საკუთრებაში არსებული კომპანიები საქართველოში მომსახურებას უწევენ რუსულ ავიაკომპანიებს “აზიმუტსა” და “რედ ვინგსს”.
2023 წლის 20 მაისს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ჯორჯიან ეარვეისს” ბოიკოტი გამოუცხადა და თან აღნიშნა: „ეს არის კომპანია, რომელიც სულ სარგებლობს ამ სახელმწიფოთი, რათა გამდიდრდეს. ეს იყო ყველა ხელისუფლების დროს, გაგრძელდა „კოვიდის“ დროს და ახლა უნდა, ისარგებლოს ამ ახალი რეალობით, რომელიც მიუღებელია ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილისთვის. მე თავს შევიკავებ ბორტის გამოყენებისგან, რომ კიდევ ამით არ გავამდიდროთ ის კომპანია, რომელიც ფულისთვის ყველაფერზე მზად არის”. თავის მხრივ, თამაზ გაიაშვილმა სალომე ზურაბიშვილი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა და მისი ბორტით სარგებლობა შეუზღუდა.
2025 წლის 12 თებერვალს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც ევროპის საბჭოს და წევრ სახელმწიფოებს თამაზ გაიაშვილზე სანქციების დაწესება მოუწოდა.
ადამიანების სხვა ქვეყნის ტერიტორიიდან გატაცების პრაქტიკა ავტორიტარული და დიქტატორული ქვეყნების ისტორიაში ხშირად ხდება. საქართველოში ეს პირველად აფგან მუხთარლისთან მიმართებით მოხდა, რასაც საერთაშორისო რეზონანსი და, საბოლოოდ, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მოჰყვა
ბაჩიაშვილის შემთხვევა, როგორც ჩანს, ამ მავნე პრაქტიკის გაგრძელებას წარმოადგენს. სუს-ის ვერსია არადამაჯერებელია. ადამიანი, რომელსაც ციხეში მოკვლით ემუქრებოდნენ, რის გამოც იგი ივანიშვილის ე.წ. მართლმსაჯულებას საზღვარგარეთ გაექცა, საქართველოს საზღვართან ახლოს სასეირნოდ არ ჩამოვიდოდა.
საგანგაშოა, რომ ივანიშვილის უკანონო მოქმედებების არეალი გასცდა საქართველოს საზღვრებსა და იურისდიქციას. მისი პირადი ოპონენტის მიმართ ანგარიშსწორების მიზნით კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ჯაჭვში, სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, ერთვებიან უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები და, ასევე, კერძო კომპანიებიც”” – წერია TI-ის სამართლებრივ შეფასებაში.
27 მაისს ცნობილი გახდა, რომ საქართველო-სომხეთის საზღვართან, წითელ ხიდთან, დააკავეს ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ფინანსური მრჩეველი და თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი.
ბაჩიაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დააკავა. საქართველო მას წითელი ცირკულარით ეძებდა – ბაჩიაშვილს ბრალად ედება 42 მილიონ დოლარამდე თანხის მითვისება. თუმცა, მისი საერთაშორისო ადვოკატები ამბობენ, რომ ბაჩიაშვილის საქმე ბიძინა ივანიშვილის პირადი ანგარიშსწორებაა და საქართველოში ის იძულებით დააბრუნეს.
ბაჩიაშვილის წინააღმდეგ საქმე ივანიშვილის განცხადების საფუძველზე 2023 წელს აღიძრა. პროკურატურა მას 40 მილიონამდე აშშ დოლარის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებოდა. 2023 წლის 6 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბაჩიასვილს აღკვეთის ღონისძიებად 2,5 მილიონი ლარის გირაო შეუფარდა. 2025 წლის 2 მარტს გიორგი ბაჩიაშვილი საქართველოდან მალულად გაიქცა. როგორც სუს-ი თავის განცხადებაში აღნიშნავდა, ბაჩიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სასაზღვრო-გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით სომხეთის მიმართულებით ფარულად გადაკვეთა.
ბაჩიაშვილის თქმით, არა მხოლოდ სიკვდილის საფრთხე უდგას, არამედ პირდაპირ გააფრთხილეს, რომ ბრძანება გაცემულია, თუმცა არ სჯერა, რომ ეს ივანიშვილისგან მოდის.