რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, მიხაილ გალუზინმა РИА Новости-სთან ინტერვიუშიქართული ოცნება კიდევ ერთხელ შეაქო და საქართველო დასავლეთის მხრიდან “სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაციის ძალისხმევის” მაგალითად მოიყვანა. მისი მტკიცებით, აშშ და ევროკავშირი საქართველოს “დემონსტრაციულად სჯიან”.
“დასავლეთი არ წყვეტს სამხრეთ კავკასიის დესტაბილიზაციის ძალისხმევას. ამის თვალსაჩინო მაგალითი არის საქართველო. აშშ-მ და ევროკავშირმა გადაწყვიტეს, დემონსტრაციულად დასაჯონ ქვეყანა, რომელმაც მოულოდნელად გაბედა, არა მასზე თავსმოხვეული, არამედ საკუთარი წესებით ეთამაშა. ისინი უბოდიშოდ ერევიან რესპუბლიკის შიდა საქმეებში, ცდილობენ, შეცვალონ ქართველი ერისა და მათ მიერ არჩეული ხელისუფლების სუვერენული არჩევანი მშვიდობისა და კეთილდღეობის სასარგებლოდ, თბილისს ულტიმატუმის სახით აყენებენ მცდარი არჩევანის წინაშე: ან დასავლეთთან, ან მოსკოვთან”. – თქვა გალუზინმა.
ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ე.წ. “მეორე ფრონტის” შესახებ პროპაგანდისტული ნარატივი გაიმეორა, რომელიც ქართული ოცნების რიტორიკის ნაწილიც არის.
“გარდა ამისა, საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში “მეორე ფრონტის” გახსნით ავანტიურისკენ უბიძგებდნენ. უნდოდათ, რომ ქართველ ხალხს მისთვის უცხო ინტერესებისთვის სისხლი დაეღვარა”. – თქვა გალუზინმა.