რუსეთის საგარეო უწყება: დასავლეთის მცდელობები, საქართველოს მეორე ფრონტი გაახსნევინოს, მიუღებელია
რუსეთის საგარეო უწყება მეორე ფრონტზე
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ გალუზინი კიდევ ერთხელ ახსენებს ე.წ. მეორე ფრონტს და ამბობს, რომ მიუღებელია დასავლეთის ქვეყნების მცდელობები ომი უკრაინიდან ამიერკავკასიაში გადაიტანონ. მისი განმარტებით, დასავლეთი მუდმივად მოუწოდებს თბილისს, გახსნას მეორე ფრონტი.
ე.წ. მეორე ფრონტის კრემლისტური ნარატივი მმართველი პარტია “ქართული ოცნების” რიტორიკის ერთ-ერთი მთავარი ნაწილია მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
აღსანიშნავია, რომ უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, არც ერთი დასავლელი ლიდერი საქართველოში “მეორე ფრონტის” გახსნის მოწოდებით არ გამოსულა, ე.წ. ომში ჩათრევის შესახებ განცხადებები კი მხოლოდ მმართველი პარტიის წარმომადგენლებისგან და რუსი მაღალჩინოსნებისგან ჟღერს.
“მეორე ფრონტის” შესახებ ისაუბრა საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც, როდესაც ის პარლამენტში სიტყვით გამოვიდა. პრემიერის თქმით, “რეალური საფრთხე დღეს ჩვენი ქვეყნის წინაშე არის სწორედ ის გეგმა, რომელიც ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ არსებობს, ეს არის ე.წ უკრაინიზაციის გეგმა. ე.წ მეორე პოლიგონის გახსნის გეგმა.”
ფაქტობრივად იგივე გაიმეორა რუსეთის საგარეო დაზვერვის დირექტორმა სერგეი ნარიშკინმა. მისი თქმით, დასავლეთი დაჟინებით ცდილობს საქართველო ომის დაწყებაში დაარწმუნოს.
“ვაშინგტონისგან, ბრიუსელისგან, ლონდონისგან და დასავლეთის სხვა დედაქალაქებისგან ვხედავთ დაჟინებულ მცდელობებს, დაარწმუნონ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. “მეორე ფრონტის” გახსნაში. საქართველოს ხელისუფლებას არწმუნებენ, რომ ახლა სწორედ ის ხელსაყრელი მომენტია, როცა შესაძლებელია აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე კონტროლის დაბრუნება.
დასავლეთის დედაქალაქების ჩანაფიქრი მდგომარეობს იმაში, რომ უკრაინას დაეხმარონ. ისინი ხედავენ, რომ სიტუაცია ბრძოლის ველზე უკრაინის სასარგებლოდ არ ვითარდება, ამიტომ, ასე აიძულებენ საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო კონფლიქტში ჩაერთონ”, – განაცხადა ნარიშკინმა.
“ასეთი საშიში განცხადებები მოითხოვს სასწრაფო რეაგირებას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებისა და იმ ორგანიზაციებისგან, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ. ადგილზე არსებული ვითარების განხილვისას დაფიქსირდა სოხუმის, თბილისისა და ცხინვალის განწყობა, რომ განაგრძონ თავშეკავების პოლიტიკა”, – წერია საგარეოს განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ხაზს უსვამენ, რომ ვითარება ქართულ-აფხაზურ და ქართულ-სამხრეთ ოსეთის სასაზღვრო რაიონებში შედარებით მშვიდია და სერიოზული ინციდენტები არ ფიქსირდება. მათივე თქმით, მიუხედავად ჟენევის პლატფორმის მუშაობის პაუზისა, შესაძლებელი იყო დიალოგის შენარჩუნება სხვა პლატფორმების მეშვეობით, მათ შორის ცხელი ხაზით და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფარგლებში, რომელიც ერგნეთში ტარდება.
კრემლი კვლავ ამბობს, რომ ამიერკავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნება ოფიციალური თბილისის მიერ ძალის გამოყენებაზე უარის პირობითა და ე.წ. საზღვრებთან დემილიტარიზაციითაა შესაძლებელი.
● “რატომ არ გესმით ხალხის მოთხოვნა? მათ უნდათ ევროპა და არა რუსეთი” – საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა პარლამენტში
● თბილისის ანტირუსულმა აქციებმა სოხუმსა და ცხინვალში „მეორე ფრონტის“ შიში გააჩინა. ხელისუფლების რეაქცია
● ევროკავშირის საგარეო მინისტრები საქართველო-მოლდოვაში პრორუსი ოლიგარქების სანქცირებას ითხოვენ – POLITICO