საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გალის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს
გალის ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გალის ტერიტორიაზე უკანონოდ დააკავეს საქართველოს მოქალაქე. მათი ინფორმაციით, მოქალაქე გალიდან ზუგდიდში ბრუნდებოდა, რა დროსაც მოხდა მისი უკანონოს დაკავება.
როგორც უწყებაში განმარტავენ, ცხელი ხაზით გაზიარებული ინფორმაციის მიხედვით, უკანონოდ დაკავებულს თან ჰქონდა ნარკოტიკული ნივთიერების შეკვრა.
“უკანონო დაკავების ფაქტთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გააქტიურდა ცხელი ხაზი. საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებული მორიგი მძიმე ინციდენტის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებს და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა მექანიზმის გამოყენებით. საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას.” – ნათქვამია სუს-ის განცხადებაში.
● ცხინვალი: ომის დამნაშავეები დაისჯებიან ხანდაზმულობის ვადის მიუხედავად
● რუსეთი ოკუპირებული რეგიონების “საზღვრების” დელიმიტაციის ინიციატივით გამოდის
● აქცია ენგურის ხიდთან: აქტივისტები აფხაზეთში დაკავებული ირაკლი ბებუას გათავისუფლებას ითხოვენ
იმავე ბრალდებით რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე, გალის მცხოვრები ა.თ. 5 ნოემბერსაც დააკავეს. სუს-ის ინფორმაციით, ა.თ. აფხაზეთში პერმანენტულად ცხოვრობს. საოკუპაციო რეჟიმი მასაც ნარკოტიკული ნივთიერების შეძენა-შენახვას ედავება.
კონფლიქტის ზონიდან ხშირია ცნობები იმის შესახებ, რომ რუსმა სამხედროებმა “სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის” ბრალდებით დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელიც ან საქონელს აძოვებდა საკუთარ სოფელში, ან ჯონჯოლს აგროვებდა ახლომდებარე ტყეში. იყო რამდენიმე ფაქტი, როდესაც საქართველოს მოქალაქეს ნარკოდანაშაულსაც ედავებოდნენ.
როგორც წესი, “სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის” ბრალდებით დაკავებულ მოქალაქეებს ჯარიმის გადახდას აკისრებენ და მალევე ათავისუფლებენ.
ე.წ. “სახელმწიფო საზღვართან” გადაადგილებას მკაცრად აკონტროლებენ რუსი სამხედროები. ისინი აკავებენ ადამიანებს მათ შორის, იმ ადგილებშიც, სადაც ჯერ არ არის გავლებული მავთულხლართი და არც “საზღვრის” აღმნიშვნელი აბრაა.
რუსი სამხედროების გარდა, 2008 წლის აგვისტოს ომის დასრულების შემდეგ კონფლიქტის ზონაში იმყოფებიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები, რომლებიც თბილისის მიერ კონტროლირებად მხარეს პატრულირებენ.