"ეს იყო არა ფასების დაკლების კომისია, ეს იყო ფასების შემსწავლელი კომისია" – შოთა ბერეკაშვილი
გაზიარება
გაზიარება
ფასების შემსწავლელი კომისია
საქართველოს ხელისუფლების განმარტებით, დროებითი კომისია, რომელიც პარლამენტში “ქართული ოცნების“ ინიციატივით შეიქმნა, არა ფასების დაკლების, არამედ ფასების შემსწავლელი კომისია იყო.
კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, მისი მთავარი ამოცანა ბაზარზე არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და შემდგომი ანალიტიკური მუშაობისთვის საფუძვლის შექმნა იყო.
ბერეკაშვილის თქმით, 2025 წელს საქართველოში საშუალო ინფლაცია 3.9%-ს შეადგენდა და ეროვნული ბანკის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს იყო, თუმცა საკვები პროდუქტების გაძვირება მოსახლეობისთვის ერთ-ერთ ყველაზე მწვავე პრობლემად რჩებოდა.
მისივე განმარტებით, კომისიის მიზანი იყო იმის დადგენა, თუ რა იწვევდა საკვებ პროდუქტებზე ინფლაციას, რის შემდეგაც უნდა მომზადებულიყო სიღრმისეული ანალიზი და კონკრეტული სამოქმედო გეგმა.
ბერეკაშვილის განცხადებით, 104-გვერდიანი დასკვნა მოიცავს როგორც მოკლევადიან დროებით ზომებს, ისე საშუალოვადიან სისტემურ რეფორმებსა და გრძელვადიან სტრატეგიას.
მისივე თქმით, კომისიამ შეისწავლა სხვა ქვეყნების გამოცდილებაც და მივიდა დასკვნამდე, რომ ბაზარზე პირდაპირი და მკვეთრი ჩარევა ხშირად დამატებით პრობლემებს ქმნის. სწორედ ამიტომ, კომისიას არ გაუცია რეკომენდაცია საბაზისო პროდუქტებზე ფასების ზედა ზღვრის დაწესების შესახებ.
“შეგვეძლო ძალიან მარტივად გაგვეცა რეკომენდაცია საბაზისო პროდუქტებზე ზედა ზღვრის დაწესების შესახებ, მაგრამ ამის შედეგი შესაძლოა ბაზრის სტრუქტურის ჩამოშლა ყოფილიყო.“ – თქვა ბერეკაშვილმა.
დროებითმა კომისიამ მუშაობა 1 მაისს დაასრულა. დასკვნაში ნათქვამია, რომ საქართველოში საცალო სექტორის მოგებიანობის მაჩვენებლები გადაჭარბებულ მარჟებზე არ მიუთითებს და საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობაშია.
კომისიის თავმჯდომარის, შოთა ბერეკაშვილის თქმით, მათი რეკომენდაციაა, რომ სასურსათო ბაზრის მუშაობაში “აგრესიული ჩარევა არ მოხდეს”.