ევროპელი სოციალისტების პარტიამ საქართველოს მმართველი პარტია “ქართული ოცნება” მისი რიგებიდან გარიცხა. PES-ის თავმჯდომარეების შეხვედრა დღეს, 29 ივნისს გაიმართა და თავმჯდომარეების მიერ გადაწყვეტილება ერთსულოვნად იქნა მიღებული.
პარტიის ცნობით, თავმჯდომარეებმა განიხილეს საქართველოში მოვლენათა განვითარება და ხელახლა დაადასტურეს შეშფოთება, რომელიც წინა შეხვედრებზეც გამოხატეს “ქართული ოცნების” პოლიტიკური პოზიციებისა და პარტიის ლიდერების მხრიდან ბოლო პერიოდში საჯაროდ გაკეთებული განცხადებების შესახებ.
“შესაბამისად, PES-ის ლიდერებმა გადაწყვიტეს, რომ ქართული ოცნების ქმედებები და პოზიციები პარტიას PES-ის ღირებულებებისგან ძალიან შორს აყენებს. ამ გადაწყვეტილების ფონზე, PES-ის ლიდერებმა თავმჯდომარეებს შესთავაზეს, რომ PES-მა დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ყველანაირი ურთიერთობა ქართულ ოცნებასთან, რაც დაუყოვნებლივ ამოქმედდება. PES-ის თავმჯდომარეობის წევრებმა ეს გადაწყვეტილება ერთხმად დაამტკიცეს” – წერია პარტიის განცხადებაში.
საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბუდაპეშტში კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უნგრელ ხალხს ძალიან გაუმართლა, რომ “ასეთი ბრძენი და შორსმჭვრეტელი” ლიდერი ჰყავს. მისივე თქმით, სიმართლესთან დაპირისპირებული ძალები მიზნების მიღწევას ლგბტ პროპაგანდით ცდილობენ.
8 მაისს ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა, კეტი პირიმ დაგმო ღარიბაშვილის გამოსვლა და განაცხადა, რომ პოლიტიკურ გაერთიანებაში “ქართული ოცნებისთვის” სტატუსის შეჩერებაზე ერთსულოვნებაა და ოცნებას არავინ უჭერს მხარს, ხოლო 11 ივნისს მმართველმა პარტიამ ევროპელი სოციალისტები გარიცხვამდე თავად დატოვა.
სპეციალურ ბრიფინგზე “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განმარტა, რომ პარტიის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოს სხდომაზე ერთობლივად მიიღეს. მისივე თქმით, PES-ი ღმერთის, სამშობლოს და ოჯახის პატივისცემის გამო მმართველ პარტიას გარიცხვით დაემუქრა.