ევროპაში საფრენად თბილისი რუსებისთვის მეოთხე სატრანზიტო ჰაბი იქნება
რუსულ მედიასთან ინტერვიუში ვნუკოვოს აეროპორტისა და ავიაკომპანია Azimuth-ის თანამესაკუთრემ ვიტალი ვანცევმა განაცხადა, რომ თბილისში, სადაც მოსკოვიდან ფრენები 2023 წლის მაისში განახლდა, ”იმისთვის, რომ რუსებმა ევროპაში ფრენა შეძლონ”, მეოთხე სატრანზიტო ჰაბი იქმნება სტამბოლის, ერევნისა და ბაქოს შემდეგ.
ვანცევი ამბობს, რომ Georgian Airways რუსი მგზავრებისთვის ტრანზიტის კუთხით ხელსაყრელ შეთავაზებებს აკეთებს:
“რუსები მიიღებენ კარგ სატრანზიტო ჰაბს – სტამბოლის, ერევნისა და ბაქოს შემდეგ. ჩვენი პარტნიორები Georgian Airways-იდან რუსი მგზავრებისთვის ტრანზიტის კუთხით კარგ შეთავაზებებს აკეთებენ, ამატებენ ფრენებს ევროპაში – პარიზში, ნიცასა და რომში, სადაც პირდაპირი ფრენები ახლა დაკეტილია. შედეგად, რუსები მიიღებენ მეოთხე კარგ სატრანზიტო ჰაბს თბილისში, სტამბოლის, ერევნისა და ბაქოს შემდეგ.
Georgian Airways-თან ერთად ვცდილობთ, მოვაწყოთ ჰაბი ისე, რომ მაქსიმალურად კომფორტული იყოს ჩვენი მგზავრებისთვის და დაკავშირება მოხდეს მოკლე დროში, საათნახევარში.”
6 ივლისს “რადიო თავისუფლების” რუსული გამოცემა Эхо Кавказа-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურმა სააგენტომ (როსავიაცია) რუსეთსა და საქართველოს შორის კვირაში 284 ფრენის შესრულების ნებართვა გასცა. დოკუმენტი რუსეთის დეპარტამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული.
რუსული სამთავრობო მედია TACC-ის ინფორმაციით კი ქართული ავიაკომპანია Georgian Airways მოსკოვიდან თბილისის გავლით ქალაქ ნიცაში ტრანზიტულ ფრენებს 5 ივლისიდან იწყებს. მათივე ცნობით, თბილისიდან ნიცაში რეისები ყოველკვირეულად, ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.
უკრაინამ ქართულ ავიაკომპანია Georgian Airways 10 წლიანი სანქციები პირველ ივლისს დაუწესა. კომპანიის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი რუსეთთან ფრენების აღდგენის ერთ-ერთი აქტიური მხარდამჭერი იყო. 20 მაისიდან კი Georgian Airways თბილისი – მოსკოვი – თბილისის მიმართულებით რეგულარულ ფრენებს ასრულებს.
პირდაპირი ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის ვლადიმირ პუტინის 10 მაისის გადაწყვეტილებით აღდგა.
საქართველოს პრეზიდენტის, სამოქალაქო საზოგადოების, ოპოზიციის და დასავლელი პარტნიორების პროტესტის მიუხედავად, საქართველოს მთავრობა პუტინის ამ ინიციატივას შეუერთდა. პუტინის განცხადებიდან რამდენიმე დღეში, 20 მაისს, მთავარმა ეროვნულმა ავიაგადამზიდმა “ჯორჯიან ეარვეისმა” მოსკოვის მიმართულებით პირველი რეისი განახორციელა. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ამის გამო “ჯორჯიან ეარვეისს” ბოიკოტი გამოუცხადა.