ევროკავშირში საქართველოს ელჩმა თანამდებობა დატოვა
ნატა საბანაძე, რომელიც საქართველოს მისიას ევროკავშირში 2013 წლიდან ხელმძღვანელობდა, პოსტს ტოვებს.
ამის შესახებ მან საკუთარ ფეისბუკზე დაწერა:
“სულ რაღაც რამდენიმე თვეში, 8 წელი შესრულდება რაც მე საქართველოს წარმოვადგენ ბრიუსელში და ვხელმძღვანელობ ჩვენს მისიას ევროკავშირში. ეს იყო ჩემთვის დიდი პატივი და პასუხისმგებლობა. ეს იყო მისია სავსე წარმატებებით, ისევე როგორც გამოწვევებით – პროფესიული თუ მორალური. დღეს მოვიდა დრო, ეს ფურცელი გადავშალო. მივიღე გადაწყვეტილება, დამეწერა განცხადება გადადგომის თაობაზე, რომელიც მინისტრმა დააკმაყოფილა.
საქართველოს ევროპული მომავალი არის ის მიზანი, რომლის მისაღწევად ყოველთვის ვიბრძოლებ. მე მჯერა ამ მიზნის; მჯერა იმიტომ კი არა, რომ ევროკავშირის წევრობა პანაცეაა, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც თავისუფლებას და ღირსებას შეგვინარჩუნებს. მინდა მადლობა გადავუხადო საელჩოს თანამშრომლებს, ჩემს გუნდს, რომლებსაც ბევრს ვუმადლი და რომელთა თანადგომის და შრომის გარეშე არაფერი გამოვიდოდა. მათი მსგავსი საჯარო მოხელეები წარმოადგენენ ჩვენი სახელმწიფოს ღერძს, გასაფრთხილებელს და დასაფასებელს.”
ევროკავშირში საქართველოს მისიის ხელმძღვანელად და ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს სრულუფლებიან ელჩად ნატა საბანაძე 2013 წლის მაისში დაინიშნა.
მანამდე ის ჰააგაში, ეროვნულ უმცირესობათა საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის უფროს მრჩევლად მუშაობდა.
_______________________________
● მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა. დანიელსონი საქართველოს დღეს დატოვებს
● პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, თბილისში ევროსაბჭოს პრეზიდენტის წარმომადგენელი ჩამოვიდა
● რუსეთის საგარეო დაზვერვა: აშშ გაღიზიანებულია “ოცნებით”, რომელიც უსიტყვოდ არ მიჰყვება დასავლურ კურსს
● ყოფილი ელჩები და დიპლომატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაათავისუფლონ ნიკა მელია
● ირაკლი ღარიბაშვილი: ვადამდელი არჩევნები არ განიხილება
_______________________________
ნატა საბანაძის განცხადება დროში დაემთხვა პოლიტიკურ კრიზისს საქართველოში და პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს ბრიუსელში.
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოპოზიციამ არჩევნების შედეგები არ აღიარა და სადეპუტატო მანდატებზე უარი თქვა.
ვითარება კიდევ უფრო გაამწვავა თებერვალში ყველაზე რეიტინგული ოპოზიციური პარტიის, “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებამ.
პოლიტიკური პროცესები ახლა ქუჩაში ვითარდება, სადაც ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები აწყობენ პერმანენტულ მიტინგებს ორი მთავარი მოთხოვნით: გათავისუფლდნენ პოლიტიკური ნიშნით დაკავებული ადამიანები და დაინიშნოს რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ქვეყანას კი ისტორიაში პირველად ჰყავს თითქმის ერთპარტიული პარლამენტი.
პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავლის პოვნა ვერ შეძლეს ქვეყანაში აკრედიტებულმა დიპლომატებმა, რომლებმაც პროცესებში ფასილიტატორის როლს ასრულებდნენ. და ვერც ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა – საქართველოში ევროსაბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი იყო ჩამოსული, ასევე ბრიუსელში იყო მიწვეული ვითარების განსახილველად პრემიერი ღარიბაშვილი. ყველა შეხვედრა და რაუნდი უშედეგო აღმოჩნდა.
საქართველოში ჩამოვიდა მიშელის სპეციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონიც, თუმცა მისი 5-დღიანი ვიზიტი ჩავარდა – ხელისუფლებამ და ოპოზიციამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.