ირაკლი ღარიბაშვილი: ვადამდელი არჩევნები არ განიხილება
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ინიციატივით გუშინ გამართული შეხვედრის შემდეგ, საქართველოს პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი ტონს ცვლის და ისევ ამბობს, რომ ვადამდელი არჩევნები არ განიხილება და მმართველი გუნდისთვის ეს წითელი ხაზია.
“ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი, ეს არის წითელი ხაზი, ეს არის საკითხი, რომელიც არ განიხილება და მე ეს გუშინ შეხვედრაზეც დავაფიქსირე, რომ არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით არ არსებობს ქვეყანაში“, – თქვა ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება მოქმედებს ხალხის ინტერესების შესაბამისად და არა რომელიმე პარტიის ახირებიდან გამომდინარე.
ნიკა მელიას პატიმრობასთან დაკავშირებით ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ ხელისუფლება არ და ვერ ჩაერევა კანონის აღსრულებაში. მისივე თქმით, მელიას პარტიის წევრებს ან მის ოჯახს, შეუძლია, რომ გადაიხადონ გირაოს თანხა და ასე გამოიყვანონ ის ციხიდან.
პრემიერმა ისაუბრა დღევანდელი პიკეტის შესახებაც. მისი თქმით, ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების დღევანდელი ქმედება – პარლამენტის პიკეტირების მცდელობა – არის კონტრპროდუქტიული და არ ემსახურება დიალოგის ინტერესებს.
_____________________________________________
● შარლ მიშელის შუამავლობით ოპოზიცია და ხელისუფლება ერთმანეთს შეხვდა
● პიკეტირება, აქციები, მარში პარლამენტთან – რას გეგმავს ოპოზიცია მარტის თვეში
● პოლიტიკური კრიზისი საქართველოში. იქნება თუ არა ვადამდელი არჩევნები?
________________________________________________
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა, რომელიც თბილისში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, ხელისუფლებისა და ოპოზიციის შეხვედრის ჩატარების შესახებ გუშინ მოულოდნელად, პრემიერ ღარიბაშვილთან გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
შეხვედრიდან გამოსულმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ შარლ მიშელმა კონკრეტული საკითხები მოიტანა, რომელზეც უნდა დაიწყოს მოლაპარაკება.
შესაბამისად, მხარეებს შორის განხილვის თემა უნდა იყოს არა 4, არამედ 6 საკითხი – მათ შორის პოლიტპატიმრების გათავისუფლება, პოლიტიკური მართლმსაჯულების პრობლემის გადაწყვეტა, უფლებამოსილებების გადანაწილება პარლამენტში, ფასილიტაცია/მედიაცია და ხელახალი არჩევნების ჩატარება.