საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ბოლო 12 დღის მოვლენების საპასუხოდ, ევროკავშირი ყველა ვარიანტს, მათ შორის, უვიზო მიმოსვლის შეჩერებასაც განიხილავს. ჰერჩინსკის შეფასებით, გასული დღეების განმავლობაში აქციის მონაწილეებზე, ჟურნალისტებსა და პოლიტიკოსებზე ძალადობრივი ქმედებები, დაშინება და მუქარა “ამაზრზენი და ძირითად დემოკრატიულ ღირებულებებთან” შეუთავსებელია.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა და თქვა, რომ ორშაბათს, 16 დეკემბერს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები შეიკრიბებიან და გარკვეულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.
“როგორც უკვე ვთქვი, ბოლო 12 დღის მოვლენების საპასუხოდ, ყველა ვარიანტი მაგიდაზეა, ეს ასევე მოიცავს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას. ჩვენ ვნახავთ, რას გადაწყვეტენ წევრი სახელმწიფოები, არსებობს გარკვეული კატეგორიის პასპორტებისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების შესაძლებლობა.
ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ არ გვინდა ზიანი მივაყენოთ მოსახლეობას, არ გვინდა დავსაჯოთ ხალხი, რომელიც გამოხატავს ერთგულებას ევროკავშირის ფასეულობების მიმართ, ვინც თბილისშიც და საქართველოს სხვა ქალაქებშიც აფრიალებს ევროკავშირის დროშებს, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ძალადობასა და სისასტიკეზე, ჩვენ არ შეგვიძლია ჩუმად ყოფნა. წევრი სახელმწიფოები ამას განიხილავენ ორშაბათს, ორშაბათსვე იქნება გარკვეული გადაწყვეტილებები მიღებული”, – განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ჰერჩინსკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სანქციებისთვის 27-ვე წევრი სახელმწიფოს ერთსულოვნებაა საჭირო, საქართველოში ბოლო დღეებში რაც ხდება “ცხადად მოითხოვს სანქციებს”.
“ვფიქრობ, უმრავლესობა ჩვენგანმა, ევროპულმა ქალაქებმა მივაღწიეთ ეტაპს, როცა უნდა ვიმოქმედოთ. უმაღლესმა წარმომადგენელმა კაია კალასმა თქვა, რომ იქნება შედეგები. ვნახოთ, რა შედეგებზე შეთანხმდებიან წევრი ქვეყნები ორშაბათს. ყველა ზომა მაგიდაზეა.
საქართველოს წლების განმავლობაში ჰქონდა პრივილეგირებული ურთიერთობა ევროკავშირთან. შევთავაზეთ ასოცირების შეთანხმება და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება, ასევე უვიზო მიმოსვლა, საბოლოოდ, საქართველოს მიენიჭა წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, რაც ხდება ბოლო 12 დღეში, სრულიად შეუთავსებელია ამ ყველაფერთან. ამ პრივილეგირებულ ურთიერთობაზე უნდა დავფიქრდეთ და ზუსტად ასე მოხდება.
სანქციების დაწესების საკითხს რაც შეეხება, ამისთვის საჭიროა 27 ქვეყნის ერთსულოვნება, თუმცა რაც ხდება საქართველოში ბოლო დღეებში, ცხადად მოითხოვს სანქციებს და ვიცი, რომ მიმდინარეობს მუშაობა სანქციების მოსამზადებლად. თუ მივაღწევთ ერთსულოვნებას, ეს დამოკიდებულია 27 დედაქალაქზე. იმედი მაქვს, ძალიან რთული იქნება ნებისმიერი დედაქალაქისთვის უგულებელყოს ძალადობისა და სისასტიკის დონე. დაველოდოთ ორშაბათს.” – თქვა პაველ ჰერჩინსკიმ.