ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, პია კაუმამ საქართველოში ვიზიტი გადადო. ამის შესახებ კაუმა X-ზე წერს.
“დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ, გადავწყვიტე საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე გადავდო, რა დროსაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება. ჩვენ მზად ვართ მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში.” – წერს კაუმა.
4 იანვარს ევროპარლამენტარმა, რიჰარდ კოლსმა განაცხადა, რომ მისი ინფორმაციით, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პია კაუმა 8-10 იანვარს, საქართველოში დელეგაციის ვიზიტს გეგმავდა.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ, კაუმას წერილით მიმართა სამმა ოპოზიციურმა კოალიციამ და მას ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდა. წერილში ნათქვამია, რომ ქვეყანაში არსებული ვითარების ფონზე, როდესაც “არჩევნები ჩატარდა კონსტიტუციური და საერთაშორისო დემოკრატიული პრინციპების უხეში დარღვევით”, მშვიდობიანი პროტესტების მონაწილეთა მიმართ განხორციელებული უკანონო დაკავებების, ძალადობის და რეპრესიების დროს, მისი საქართველოში ვიზიტის გადადება “იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ”.
ვიზიტის გადადებას ეხმაურება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.
“ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას ძალიან გონივრული გადაწყვეტილება საქართველოში ვიზიტის გადადების შესახებ. ქართველი ხალხი აფასებს თქვენს მიერ ქართული დემოკრატიის საზრუნავისა და იმედის გათვალისწინებას. ჩვენ გვჭირდება ეუთო ისე, როგორც არასდროს! და ახალი არჩევნები!” – წერს ზურაბიშვილი.