"პოლიტიკური არასტაბილურობა ბიზნესის მთავარი გამოწვევაა" - EU-ის ანგარიში საქართველოს ბიზნესკლიმატზე
EU-ის ანგარიში საქართველოს ბიზნესკლიმატზე
ევროპული ბიზნეს ასოციაციის (EBA) მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში ბიზნესისთვის მთავარი გამოწვევა პოლიტიკური არასტაბილურობაა.
EU-ის ანგარიშის მიხედვით, საქართველოში რთული პოლიტიკური არასტაბილურობა, სამუშაო ძალის დეფიციტი და უნარების ნაკლებობა, მერყევი სავალუტო გაცვლითი კურსია, ამან კი შესაძლოა ხელი შეუშალოს გრძელვადიან ეკონომიკურ სტაბილურობას.
გამოკითხული ბიზნესებიდან:
● 76.8% მთავარ გამოწვევად სწორედ პოლიტიკურ არასტაბილურობას ასახელებს.
● მეორე ადგილზეა სამუშაო კადრების დეფიციტი და მათი არასაკმარისი უნარები, რომელსაც ბიზნესის კეთებისთვის მთავარ გამოწვევად გამოკითხული ბიზნესის 65.9% ასახელებს.
● მესამე ადგილს კი არაეფექტიანი სასამართლო სისტემა იკავებს 58%-ით.
გარდა ამისა, კვლევის ფარგლებში ბიზნესმა გამოხატა შეშფოთება კორუფციასა და არაეფექტურ მარეგულირებელ გარემოსთან დაკავშირებით, განსაკუთრებით საგადასახადო პოლიტიკის, სახელმწიფო შესყიდვებისა და სასამართლო სისტემის მიმართ, რაც კიდევ უფრო ართულებს საინვესტიციო კლიმატს.
კვლევის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიგნებაა კვალიფიციური სამუშაო ძალის მწვავე დეფიციტი, რამაც გამოიწვია ბიზნესების წლიური შემოსავლის 55.6 მილიარდი ლარის დანაკარგი. მაღალი ემიგრაცია და შეუსაბამო საგანმანათლებლო პროგრამები კიდევ უფრო ამძიმებს ამ საკითხს. მიუხედავად მაღალი ხარჯებისა, პერსონალის შიდა ტრენინგებში ინვესტირება ბიზნესისათვის დადებით შედეგებს იძლევა, რაც ადასტურებს, რომ შრომითი რესურსების განვითარება მდგრადობის მთავარი მამოძრავებელი ძალაა.
კვალიფიციური სამუშაო ძალის დეფიციტის ზეგავლენა:
- მშპ-ის დანაკარგი: -26% წლიურად
- დამატებული ღირებულების დეფიციტი: -21.2 მილიარდი ლარი
- არარეალიზებული ბიზნეს შემოსავალი: -55.6 მილიარდი ლარი
ევროკავშირთან ვაჭრობის ვარდნა და ეკონომიკური იზოლაციის საფრთხე
“მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი საქართველოს უდიდესი სავაჭრო პარტნიორად რჩება, ევროკავშირში ექსპორტი 2023 წელს 18%-ით შემცირდა, ძირითადად შემდეგი მიზეზების გამო:
- ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისობის მაღალი ხარჯები
- ევროპული სერტიფიცირების აკრედიტებული ლაბორატორიების ნაკლებობა
- ბიზნესის მიერ მარეგულირებელი ჩარჩოების შეზღუდული ცოდნა
გარდა ამისა, მცირე და საშუალო საწარმოები, ზრდის მიუხედავად, კვლავაც აწყდებიან არასაკმარისი ეკონომიკური შენატანების პრობლემას და მათი წვდომა ევროკავშირის ბაზრებზე პრობლემად რჩება.
ანგარიშში ხაზგასმითაა აღნიშნული სასამართლო და საგანმანათლებლო რეფორმების დაჩქარების აუცილებლობა ბიზნესის ნდობის გასაზრდელად. საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ კერძო სექტორთან, რათა უნარების განვითარების პროგრამები ბაზრის მოთხოვნებზე იყოს მორგებული. ამავდროულად, ეკონომიკური პოლიტიკისა და სავაჭრო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება გადამწყვეტ როლს ითამაშებს საქართველოს ევროკავშირის ბაზარზე ინტეგრაციაში.
“საქართველოს ბიზნეს გარემოს 2024 წლის ევროკავშირის ანგარიში კომპლექსურ სურათს ხატავს. მიუხედავად იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა გრძელდება, მას ჩრდილავს პოლიტიკური გაურკვევლობა, სამუშაო ძალის დეფიციტი და სავაჭრო ბარიერები. იმპულსის შესანარჩუნებლად, საქართველომ უნდა გადაჭრას ეს სტრუქტურული პრობლემები – განსაკუთრებით სამუშაო ძალის განვითარების კუთხით – გრძელვადიანი სტაბილურობის და ევროკავშირის ბაზარზე წვდომის უზრუნველსაყოფად,”- ნათქვამია კვლევის შემაჯამებელ მიმოხილვაში.
კომენტარი
კვლევასთან დაკავშირებით ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში რეფორმების მიმართულებით არსებული რეგრესი ბიზნესების განვითარების ერთ-ერთი წამყვანი შემაფერხებელი ფაქტორია. პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ საქართველოს ბიზნეს კლიმატზე ნეგატიურ გავლენას ახდენს სამუშაო ძალის პროფესიული უნარების დეფიციტიც, რომლის ეკონომიკური ეფექტიც აღნიშნულ კვლევაში დეტალურად არის შეფასებული.
“მიმდინარე წლის ანგარიში ემყარება წინა გამოცემების გამოცდილებასა და მიგნებებს, თუმცა ამჯერად უფრო ღრმა ანალიზს სთავაზობს უნარების განვითარების თემაზე. დოკუმენტში ხაზგასმულია უნარებისა და შრომითი ბაზრის მოთხოვნების უკეთ შეჯერების აუცილებლობა, აგრეთვე, უფრო ხარისხიანი და კოორდინირებული უნარების განვითარების სისტემის საჭიროება. ეს არის ის ძირითადი ბარიერები, რომლებიც საქართველოს კონკურენტუნარიანობასა და ეკონომიკურ ზრდას აფერხებს.
ადამიანური კაპიტალის განვითარება და უნარების შეჯერება სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებია, სადაც ევროკავშირი საქართველოს ეკონომიკური მდგრადობისა და გრძელვადიანი განვითარების გაძლიერებას უწყობს ხელს.
ანგარიშის დასკვნები მნიშვნელოვან მითითებებს შესთავაზებს საქართველოს ეკონომიკურ გარემოსა და ბიზნესის განწყობებს. ეს არის მნიშვნელოვანი სარეკომენდაციო დოკუმენტი ეკონომიკური თანამშრომლობის პლატფორმის ფარგლებში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედებისთვის. აღნიშნული პლატფორმა 2022 წელს ევროპული ბიზნეს ასოციაციის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა.
2023 წლის დეკემბერში, ევროპულმა საბჭომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭა, იმ დათქმით, რომ შესრულდება ცხრა ძირითადი რეკომენდაცია. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდი უმრავლესობა ევროკავშირში გაწევრიანებას უჭერს მხარს, 2024 წლის გაზაფხულის შემდეგ საქართველოს ხელისუფლების მიერ არჩეული კურსი შეუთავსებელია იმ სტანდარტებთან, რომლებიც კანდიდატი ქვეყნისგან მოითხოვება
ევროკავშირში გაწევრიანება არჩევანია, მაგრამ გაფართოების პროცესი ეფუძნება დამსახურებას და დამოკიდებულია კანდიდატი ქვეყნის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე. ეს რეფორმები არ მატერიალიზდა, რის გამოც ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები გაუარესდა. ჩვენ ძლიერ ვწუხვართ შექმნილი ვითარების გამო.
ევროკავშირი საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი ეკონომიკური პარტნიორია, თუმცა იმ ძირითადი ღირებულებებისგან უკან დახევის გამო, რომლებზეც ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობები იყო დაფუძნებული, ევროკავშირმა თავისი დახმარების დიდი ნაწილი შეამცირა. ამჟამად მიმდინარეობს მიმდინარე პროგრამების ძირეული გადახედვა. საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული ზომების შედეგად, ჩვენ ვერ შევძლებთ მრავალი წარმატებული პროექტის გაგრძელებას საქართველოში.
ეს ნეგატიური პოლიტიკური მიმართულება უარყოფითად აისახება როგორც ეკონომიკურ გარემოზე, ასევე იმ ბიზნესებზე, რომლებიც საქართველოში ოპერირებას ცდილობენ. მრავალი კომპანია საქართველოს ბაზარზე შემოვიდა იმ მოლოდინით, რომ ქვეყანა ევროკავშირს უფრო მიუახლოვდებოდა. დღეს კი მათ ლეგიტიმური კითხვები და ეჭვები უჩნდებათ საქართველოს მომავალთან დაკავშირებით, რადგან გაფართოების რეფორმების დღის წესრიგი არის სტრუქტურული, ინკლუზიური და მდგრადი ტრანსფორმაციის მთავარი ფაქტორი.” – ამბობს ელჩი.