ესტონეთის პარლამენტში საქართველოზე განცხადება წარადგინეს
ესტონეთის პარლამენტში, რიიგიკოგუში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრმა ერიკ-ნილეს კროსმა 44 დეპუტატის სახელით საპარლამენტო განხილვაზე წარადგინა განცხადება, რომლითაც პარლამენტი მოუწოდებს ესტონეთის მთავრობას, საქართველოს ხელისუფლების წევრებისა და ბიძინა ივანიშვილის მიმართ დააწესოს სანქციები, ასევე კანონის გაუქმებამდე ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შემდგომი პროცესები დაბლოკოს.
განცხადების დრაფტში ესტონეთის პარლამენტი მხარს უჭერს უვიზო მიმოსვლის გაყინვას, სანამ ე.წ. რუსული კანონი არ გაუქმდება.
რიიგიკოგუს დეპუტატები “ქართული ოცნების” მიერ მიღებულ კანონს რუსული ე.წ. უცხოური აგენტების კანონით შთაგონებულს უწოდებენ, რომელსაც პუტინი სამოქალაქო საზოგადოების, პრესისა და პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესიებისთვის იყენებს. ასევე, განცხადება “საქართველოს მთავრობისა და მმართველი პარტიის ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებს გმობს”.
ამავდროულად, პროექტის განმარტებით ბარათში წერია, რომ ევროკავშირი, ვენეციის კომისია და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება კანონს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და გაეროს სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტთან შეუთავსებლად მიიჩნევს, რადგანაც ის კანონის უზენაესობის, კანონიერების და პროპორციულობის, ასევე დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპებს არღვევს. რიიგიკოგუ საქართველოს პარლამენტს და მთავრობას დაუყოვნებლივ გააუქმოს კანონი.
ესტონეთის საკანონმდებლო ორგანო მოუწოდებს მთავრობას, შეწყვიტოს ძალადობა დემონსტრანტების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ და ჩაატაროს გამოძიება იმ ადამიანების მიმართ, ვინც ჩართული იყო ძალადობაში.
გარდა ამისა, განცხადების პროექტში, დეპუტატები ხაზს უსვამენ, რომ უნდა დაწესდეს სამთავრობო სანქციები, მათ შორის ესტონეთში შესვლა აეკრძალოთ ბიძინა ივანიშვილს, საქართველოს მთავრობის წევრებს, პარლამენტის ხელმძღვანელებს, ასევე, “ქართული ოცნების ხელმძღვანელობას.”
ასევე, ესტონელი დეპუტატები მოუწოდებენ პარლამენტს, სანქციები ძალოვანი უწყებების თანამშრომლების მიმართაც დაწესდეს, რომლებიც დემონსტრანტებზე ძალადობაში არიან პასუხისმგებელნი.
“რიიგიკოგუ გამოხატავს პატივისცემას მამაცი ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც მხარს უჭერს საქართველოს დემოკრატიულ და პროევროპულ მომავალს.” – ნათქვამია განცხადებაში.