გასულ კვირას ხელმოწერილმა რუსულ-აფხაზურმა საინვესტიციო ხელშეკრულებამ ფართო საზოგადოებრივი პროტესტი გამოიწვია სოხუმში. ის, რომ ეს შეთანხმება, რომელიც მსხვილ რუსულ ბიზნესს უპრეცედენტო სარგებელს აძლევს, უკიდურესად არასახარბიელოა აფხაზეთისთვის, ამას ამბობს არა მხოლოდ ოპოზიცია, არამედ ადგილობრივი მეწარმეებიც, რომლებიც, როგორც წესი, ამჯობინებენ პოლიტიკაში არ ჩაერთონ.
მაგალითად, უმსხვილესი აფხაზური კომპანიის, მობილური ოპერატორი Aquafon-ის აღმასრულებელი დირექტორი, ალხაზ არგუნი ამ შეთანხმებას და მის ხელმოწერას უბრალოდ თაღლითობად თვლის.
შეგახსენებთ, რომ შეთანხმებას აფხაზეთის ეკონომიკის მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა პარლამენტის ოფიციალური დამტკიცების მოლოდინის გარეშე მოაწერა ხელი.
ალხას არგუნი დარწმუნებულია, რომ შეთანხმება ბევრ რისკს შეიცავს ადგილობრივი ბიზნესისთვის და მთლიანად აფხაზეთისთვის – მისი რატიფიცირების შემთხვევაში შედეგები ძალიან სამწუხარო იქნება.
მეწარმეს არ სჯერა, რომ აფხაზური მხარე საინვესტიციო პროექტებიდან რაიმე მნიშვნელოვან მოგებას მიიღებს, მაგრამ ამასთან, ზარალი შეიძლება იყოს ძალიან სერიოზული.
“თუ ინვესტორს აქვს პრობლემები, მაგალითად, სესხის დაფარვასთან დაკავშირებით, რუსული ბანკი მიიღებს აფხაზურ მიწას და ყველაფერს, რაც მასზეა გაფორმებული. საერთოდ არ გამოვრიცხავ, რომ ეს გაკეთდეს მიზანმიმართულად, სწორედ ამ მიზნით.
ინვესტორი მიიღებს უზარმაზარ სესხს, ბანკი მიიღებს მიწის ნაკვეთს ყველა ობიექტით სესხის საფასურად, გადაწყვეტილებას რუსული სასამართლო მიიღებს, აფხაზური მხარე კი შეასრულებს და გადაიხდის…
ამ სქემაში მე ვხედავ მხოლოდ ერთ დაზარალებულ მხარეს – ეს არის აფხაზეთი“, – ამბობს მეწარმე.
არგუნი აცხადებს, რომ ის არ ამბობს იმას, თითქოს აფხაზეთს არ სჭირდება ფული ან ინვესტიცია, მაგრამ მოითხოვს პასუხისმგებლიან ინვესტორებს და “რესპუბლიკის ეკონომიკაში ჯანსაღი და სწორი ინვესტიციების” მაგალითად მოჰყავს საკუთარი კომპანია Aquafon, რომლის საკონტროლო პაკეტიც რუსეთის საკუთრებაა 2008 წლიდან.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო