საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა თანამდებობა დატოვა
ეკონომიკის მინისტრის გადადგომა
საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თანამდებობა დატოვა. მას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი შეცვლის.
თურნავას განმარტებით, გუნდის ერთგულ წევრად რჩება, თუმცა სურს, “ძალები სხვა ასპარეზზე მოსინჯოს”.
“რაც შეეხება ჩემს გეგმებს, ბატონმა პრემიერმა ბრძანა, ეს 3 წელი არ იყო მარტივი, ძალიან საპასუხისმგებლო, ძალიან საპატიო, მაგრამ რთული. მე მაქვს სურვილი, რომ გარკვეულწილად შევიცვალო სფერო, სხვა ასპარეზზე მოვსინჯო ჩემი ძალები, რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის ერთგულ წევრად ვრჩები. ჯერჯერობით, ვიხილავთ რამდენიმე მიმართულებას, კონკრეტიკა ჯერ არ არის, როგორც კი იქნება საბოლოო გადაწყვეტილება, გავანდობ საზოგადოებას”, – განაცხადა თურნავამ ბრიფინგზე.
რაც შეეხება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს, ამ პოსტს ოთარ შამუგია დაიკავებს. შამუგია მანამდე ამავე სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
ახალმა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ლევან დავითაშვილის, “წლების განმავლობაში ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და რეფორმებისთვის, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით ჩატარდა სამინისტროში.”
● ადამიანის უფლებები, მედია და არჩევნები. საქართველო HRW-ის ახალ ანგარიშში
● საქართველოში საარსებო მინიმუმი რეკორდულად მაღალ ნიშნულზეა, საშუალო ხელფასი კი 1,328 ლარია
● საქართველოს ყოველი მეშვიდე მოქალაქე სოციალური შემწეობის დახმარებას იღებს
ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ნათია თურნავას გეგმების შესახებ უცნობია. ის მინისტრის პოსტზე 2019 წლის 19 აპრილს დაინიშნა და თანამდებობაზე 3 წელი გაატარა.
ლევან დავითაშვილი 2016 წლის 9 სექტემბრიდან იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი. მანამდე, 2014 წლის 5 ნოემბრიდან, იგი მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებდა.