დიდი Facebook-წმენდა საქართველოში
ფეისბუკმა “ქართული ოცნების” PR-კონსულტანტის, კოკა ყანდიაშვილის მიერ დაფუძნებულ “ესპერსონასთან” და პოლიტიკურ პარტია “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ასეულობით გვერდი, ჯგუფი და პერსონალური ანგარიში გააუქმა.
რა არის “ესპერსონა” და ვინ დგას მის უკან?
Facebook-მა გამოცემა Espersona-სთან დაკავშირებული 511 გვერდი, 101 პერსონალური ანგარიში, 122 ჯგუფი და 56 ინსტაგრამ–ანგარიში წაშალა. ყველა მათგანი ქვეყნის შიგნიდან იმართებოდა. სოციალური ქსელის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ესპერსონას ქსელს წვდომა ჰქონდა საქართველოში Facebook-ის 1,5 მილიონ უნიკალურ მომხმარებელთან.
ამ გვერდებისა და კავშირების დასადგენად ფეისბუქი DFRLAB-ის გამოძიების შედეგებს დაეყრდნო.
“ესპერსონას” ვებგვერდის თანახმად, ის მედიაპლატფორმაა, რომელიც აქვეყნებს ახალ ამბებს და აშუქებს პოლიტიკას, ბიზნესს და საზოგადოებას. ვებგვერდს აქვს ცალკე განყოფილებაც, სადაც ცნობილი ადამიანების მოკლე ბიოგრაფიებია გამოქვეყნებული.
მედიაპლატფორმა – ესპერსონა “ქართული ოცნების” PR-კონსულტანტს, კოკა ყანდიაშვილს ეკუთვნის.
როგორ იმართებოდა “ესპერსონას” ქსელი?
ყანდიაშვილის პროპაგანდისტული ქსელის სია მოიცავს როგორც ყალბ პროფილებს, ისე ე.წ. ცრუ სააგენტოებს, თემატურ ჯგუფებსა და ცნობილი ადამიანების, მათ შორის, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და წარმატებული ექიმების სახელით შექმნილ ყალბ გვერდებს.
კვლევის თანახმად, კოკა ყანდიაშვილის ესპერსონას, 8 Facebook-გვერდი ჰქონდა. ჯამში ამ გვერდებს 40 000 გამომწერი ჰყავდა. ისინი აზიარებდნენ მასალებს, რომელთა მთავარი მიზანიც პროსახელისუფლებო ინფორმაციის გავრცელება და ოპოზიციური პარტიების, საზოგადოებრივი აქტივისტების და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაცია იყო.
მადისკრედიტირებელი გვერდები/გვერდები ცნობილი ადამიანების სახელებით
ერთ-ერთი ასეთი გვერდი იყო “იყავი და გაგეკეთებინა”. ასეთი გვერდების სამიზნეები იყვნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები – გრიგოლ ვაშაძე, გიგა ბოკერია, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და ოპოზიციური ტელევიზიის – “მთავარის” ხელმძღვანელი, ნიკა გვარამია. ეს “გასაშავებლად” შერჩეული ადამიანების არასრული ჩამონათვალია.
მაგალითად, ერთ-ერთი ასეთი გვერდი – იკითხე – აქვეყნებს მასალას, სადაც პარლამენტარი ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ კორონავირუსის გარდა საქართველოში კიდევ ერთი ვირუსია გავრცელებული და მას “ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია.
ქსელის მიერ შექმნილი გვერდების ნაწილი კი საქართველოში ცნობილი ადამიანების სახელით შექმნილ ყალბ ანგარიშებსაც იყენებდა. მაგალითად, COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ შეიქმნა გვერდები ექიმების სახელით, რომელთაც საქართველოში ხალხი განსაკუთრებით ენდობა. მათ შორის მოხვდა ექიმი ლევან რატიანიც. კვლევის ავტორთა აზრით, ლევან რატიანის სახელით შექმნილი ანგარიშის მიზანი ფართო აუდიტორიის მოზიდვა იყო. ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ აუდიტორიის მიზიდვის შემდეგ ამ ანგარიშს დეზინფორმაციის გასავრცელებლად გამოიყენებდნენ.
კოკა ყანდიაშვილთან და მის მედია ესპერსონასთან დაკავშირებულ ყალბ გვერდებს შორის მოხვდა ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ყალბი გვერდიც.
მერაბიშვილის სახელით შექმნილ გვერდზე გამოქვეყნებული ერთ-ერთი პოსტი მოქალაქეებს არწმუნებდა, რომ ის პოლიტიკაში ჩარევას აღარ გეგმავს. კვლევის ავტორები ამბობენ, რომ გვერდის მფლობელის სავარაუდო მიზანი მერაბიშვილის პოლიტიკური საქმიანობისთვის ხელის შეშლა და მისი მხარდამჭერების შეცდომაში შეყვანაა.
ცრუ საინფორმაციო სააგენტოები
ესპერსონას ქსელის 269 გვერდი საინფორმაციო სააგენტოს სტატუსს იყენებდა. ისინი ძირითადად პროსამთავრობო და ოპოზიციის საწინააღმდეგო მასალებს აქვეყნებდნენ, ნაწილი კი ამ მასალებს ამჟამად წაშლილ ჯგუფებში აზიარებდა.
არაავთენტური ჯგუფები
ფეისბუქმა ესპერსონას ქსელის 99 არაავთენტური ჯგუფი გამოავლინა. სწორედ ამ ჯგუფებში იყრიდა თავს როგორც ესპერსონას, ისე საინფორმაციო სააგენტოების ქსელის პროსამთავრობო და ანტიოპოზიციური მასალები. ჯგუფებს მართავდნენ როგორც რეალური პროფილები, ისე ყალბი ანგარიშები და გვერდები.
პროსამთავრობო ანგარიშები ინსტაგრამზე
ფეისბუქმა ინსტაგრამიდან ესპერსონას ქსელის 43 ანგარიში წაშალა, მათი ნაწილი “ქართული ოცნების” მხარდამჭერ მასალებს აზიარებდა, თავის მოვლასთან და კულინარიასთან დაკავშირებულ მასალებთან ერთად, ნაწილი კი ამ ეტაპზე არ აქტიურობდა.
Facebook-ის ცნობით, ამ ქსელმა რეკლამებში $30 000 დახარჯა.
კოკა ყანდიაშვილი და მისი პერსონა
ესპერსონა ახალი ამბების სააგენტოა, რომლის ხელმძღვანელიც ქართული ოცნების PR კონსულტანტი კოკა ყანდიაშვილია. Facebook-ზე ამ დროისთვის მისი პირადი პროფილი აღარ იძებნება.
2012 წლიდან 2013 წლამდე, ბიძინა ივანიშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, კოკა ყანდიაშვილი პრემიერ-მინისტრის აპარატის კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო. 2013 წლის 29 დეკემბერს მან საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში მთავრობის კონსულტანტის პოსტი დაიკავა.
ქართული მედია ყანდიაშვილს აკავშირებდა თბილისში, რუსთაველის ნომერ 12-ში მოქმედ ე.წ. ტროლების ქარხანასთანაც. მედიაში გასული ეს ინფორმაცია ყანდიაშვილმა უარყო და თქვა, რომ ცხოვრებაში პირველად გაიგო “ტროლი” და “ბოტი” და გუგლის დახმარება დასჭირდა, მათი მნიშვნელობა რომ გაეგო.
Facebook-მა ასევე წაშალა მისი ყოფილი ცოლის, ნონა ყანდიაშვილის პროფილიც, რომელიც მთავრობის კანცელარიის პრეს-ოფისის ხელმძღვანელი იყო 2012-2017 წლებში, შემდეგ კი ჯერ თბილისის მერიის, მოგვიანებით კი თბილისის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურსს ხელმძღვანელობდა. ნონა ყანდიაშვილიც “ქართული ოცნების” შემომწირველია.
Facebook-მა “ნაციონალურ მოძრაობასთან” დაკავშირებული ქსელიც გამოავლინა
Facebook-მა ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული 80 გვერდი, 23 პირადი ანგარიში, 41 ჯგუფი და 9 ინსტაგრამ–ანგარიში გააუქმა.
Facebook-ის განცხადებაში აღნიშნულია, რომ ამ ქსელის “მიერ განთავსებული კონტენტი ეხებოდა ლოკალურ მიმდინარე მოვლენებსა და პოლიტიკურ თემებს, როგორებიცაა 2018 წლის არჩევნები, ქართული მართლმადიდებლური ეკლესია, მოქმედი ხელისუფლების პანდემიის მართვის ტაქტიკის კრიტიკა და სხვა.”
Facebook განმარტავს, რომ ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებული ქმედებები გამოძიებამ “რეგიონში მიმდინარე საეჭვო ქმედებათა შესწავლის დროს აღმოაჩინა”.
“ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” პასუხი Facebook-ის მიერ მათი პროპაგანდისტული ქსელის წაშლაზე
მმართველი გუნდი კოკა ყანდიაშვილთან ურთიერთობას უარყოფს და ამბობს, რომ ყანდიაშვილის სააგენტოსა და ფეისბუქ ჯგუფებს “ქართულ ოცნებასთან” კავშირი არ აქვს.
როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, კოკა ყანდიაშვილი მმართველი გუნდის მხარდამჭერია და მისი პოლიტიკური გემოვნება, უბრალოდ, “ქართული ოცნების” პოლიტიკასთან არის თანხვედრაში.
მისი თქმით, უნდა დასრულდეს საუბარი ყანდიაშვილის “ქართულ ოცნებასთან” კავშირზე, რადგან ის 2013-2014 წლიდან “დამოუკიდებლად ოპერირებს სოციალურ მედიაში”.
“მას აქვს და ჰქონდა სააგენტო “ესპერსონა”, მაგრამ “ქართულ ოცნებასთან” მას ოფიციალური კავშირი არ ჰქონია. რაიმე ხელშეკრულება ან დავალება “ქართული ოცნებიდან” არ ფიქსირდება,” – ამბობს მდინარაძე.
პროპაგანდისტულ ქსელთან კავშირს უარყოფს ნაციონალური მოძრაობაც.
„ნაციონალური მოძრაობა“ არც მართავდა, არც მართავს და არც მომავალში აპირებს არაიდენტიფიცირებადი გვერდებით ოპერირებას. ჩვენთვის მსგავსი მეთოდებით პოლიტიკის კეთება მიუღებელია,” – წერია განცხადებაში, რომელიც პარტიამ გაავრცელა.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოში ყალბი ინფორმაციისა და სიძულვილის გაღვივების წყაროები ლაშა ნაცვლიშვილის, კოკა ყანდიაშვილის და შალვა რამიშვილის ავტორობით, რუსეთის ფედერაცია და „ქართული ოცნება“ არიან.
ეს Facebook-ის მხრიდან არაავთენტური ან კოორდინირებულ ქმედებაში შენიშნული ანგარიშების გაუქმების პირველი შემთხვევა არ არის საქართველოში. 2019 წლის 20 დეკემბერს Facebook-მა “ქართულ ოცნებასთან” და სარეკლამო ორგანიზაცია “პანდასთან” დაკავშირებული 396 ანგარიში და გვერდი წაშალა.