“ეს არის რუსეთის განგრძობითი ოკუპაცია” – საქართველოს პარლამენტის 50 ოპოზიციონერი დეპუტატი ოჩამჩირის პორტში რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის მუდმივი ბაზირებასთან დაკავშირებით ნატოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საგანგებო განცხადებით მიმართავს.
წერილის ავტორებს მიაჩნიათ, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ოჩამჩირეში თავისი საზღვაო ფლოტის ბაზა განათავსოს, “დამატებითი გამოწვევაა არამხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტისთვის, ასევე მთლიანად შავი ზღვის ფართე რეგიონის და ევროატლანტიკური სივრცის უსაფრთხოებისთვის”.
წერილში რუსეთის გადაწყვეტილება მოხსენიებულია, როგორც “დამატებითი საფრთხე ევროკავშირის მიერ ინიციირებული შუა დერეფნისპროექტის განხორციელებისთვის”.
“მოვუწოდებთ და მივმართავთ საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოს მოკავშირეებსა და სტრატეგიულ პარტნიორებს, დაიკავონ მტკიცე და ერთიანი პოზიცია, რუსეთის მიერ განხორციელებული განგრძობითი ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკის საწინააღმდეგოდ, რაც ერთადერთი გზაა საქართველოს დემოკრატიის, უსაფრთხოების, კეთილდღეობის და გრძელვადიანად მშვიდობიანი განვითარებისთვის”. – წერია განცხადებაში.
ოპოზიციონერი დეპუტატები ასევე მოუწოდებენ საერთაშორისო საზოგადოებას, გამოიყენონ 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება როგორც საერთაშორისო სამართლებრივი ინსტრუმენტი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში − რუსეთის მიერ ოკუპაციის განხორციელებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის პრაქტიკის წინააღმდეგ ბრძოლისთვის.
საპარლამენტო ოპოზიცია წერილში ხაზგასმით განმარტავს, რომ მმართველმა პარტიამ “ქართულმა ოცნებამ” ოჩამჩირეში რუსული ფლოტის დასაგმობად ერთობლივი საპარლამენტო რეზოლუციის მიღებაზე უარი განაცხადა, ამიტომ დასავლელ პარტნიორებს მხოლოდ ოპოზიცია მიმართავს.
ოქტომბრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ ოჩამჩირეში რუსეთის მუდმივი საზღვაო ბაზა მოეწყობა. ამის შესახებ პირველი განცხადება აფხაზეთის ლიდერმა, ასლან ბჟანიამ რუსულ მედია Известия-სთან მიცემულ ინტერვიუში 5 ოქტომბერს გააკეთა.
ეს ყველაფერი მიმართულია რუსეთისა და აფხაზეთის თავდაცვისუნარიანობის გაზრდისკენ და ასეთი ტიპის თანამშრომლობა გაგრძელდება, რადგან ეს ემსახურება რუსეთისა და აფხაზეთის ფუნდამენტურ ინტერესებს და უსაფრთხოება ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია”. – განაცხადა ბჟანიამ.
საქართველოს საგარეო უწყებამ აღნიშნულთან დაკავშირებით “შეშფოთება” გამოთქვა და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევაა. ოპოზიციას ხელისუფლების ეს გამოხმაურება არასაკმარის რეაქციად მიაჩნია.
ოქტომბრის ბოლოს უკრაინის სამხედრო დაზვერვამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთს სამხედრო გემების ნაწილი ანექსირებული ყირიმიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადაჰყავს.