მოსაზრება: რა მოხდება თუ საპროტესტო მოძრაობა დამარცხდება და ეს ხელისუფლება გაიმყარებს ძალაუფლებას?
დავით ზურაბიშვილის მოსაზრება
პოლიტიკური მიმომხილველი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში აღწერს იმ მდგომარეობას, რომელშიც შეიძლება საქართველო აღმოჩნდეს, თუ ქართული ოცნების ხელისუფლება ძალაუფლებას შეინარჩუნებს.
დავით ზურაბიშვილი:
“რა მოხდება თუ საპროტესტო მოძრაობა დამარცხდება და ეს ხელისუფლება გაიმყარებს ძალაუფლებას?
რა და:
ა) მოხდება საქართველოს იზოლაცია ევროკავშირისგან, ამერიკისგან და სრულიად დასავლური სამყაროსგან, ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმება;
ბ) ყველა იმ პროგრამის და პროექტის გაუქმება, რასაც ახორციელებს ევროკავშირი და აშშ. ცნობისათვის: ამ დაფინანსების 90% მიდის საჯარო სამსახურებში, სახელმწიფო სტრუქტურებსა და თვითმმართველობებში და არა არასამთავრობო სექტორში, როგორც ეს ოცნების უვიც მომხრეებს ჰგონიათ;
გ) საჯარო სამსახურების ტოტალური საკადრო წმენდა და მათი დაკომპლექტება რეჟიმისადმი ლოიალური კადრებით. რეჟიმისადმი ლოიალობა გახდება არა მარტო საჯარო, არამედ კერძო სექტორში საქმიანობის აუცილებელი პირობა;
დ) ოპოზიციური და დამოუკიდებელი მედია არსებითად გაუქმდება და დარჩება მხოლოდ სიმბოლური სახით. იგივე ელის არასამთავრობო სექტორს;
ე) მხოლოდ სიმბოლურად იარსებებს პოლიტიკური ოპოზიცია: ნაცურიც, არანაცურიც, ლიბერალურიც და ფაშისტურიც. თუმცა ფაშისტურ ოპოზიციას სიმბოლურადაც გაუჭირდება არსებობა, რადგან ვინც კი შეიძლება ამგვარ ოპოზიციაში იყოს, მათი უმრავლესობა სახელისუფლო სტრუქტურაში იქნება დასაქმებული.
ვ) შესამჩნევად შემცირდება ქართული შეიარაღებული ძალები და მოხდება მათი გადაიარაღება რუსულ-ჩინური პროდუქციით და აღჭურვილობით;
ზ) დაწესდება ცენზურა ინტერნეტზე და ბეჭდვით და ვიდეო პროდუქციაზე;
თ) სკოლებში სამოქალაქო განათლების ნაცვლად შემოღებული იქნება საღვთო სჯულის სწავლება და მასწავლებლებად მოწვეულები იქნებიან მხოლოდ უშიშროების მიერ შემოწმებული სასულიერო პირები;
ი) უმაღლესი სასწავლებლები მთლიანად დაექვემდებარებიან სუსის კონტროლს და ლექტორების შერჩევა მოხდება პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით;
კ) საქართველო აღარ იქნება ევროსაბჭოს წევრი, შესაბამისად ჩვენთან აღარ იქნება სავალდებულო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებების შესრულება. შესაძლოა დადგეს სიკვდილით დასჯის აღდგენის საკითხიც;
ლ) არჩევნები, როგორც ხელისუფლების ცვლის მექანიზმი, პრაქტიკულად გაუქმდება და მმართველი პარტია ყველა არჩევნებში დაიწერს 80-90 პროცენტს;
მ) საქართველო გახდება ყველა იმ საერთაშორისო გაერთიანების წევრი, სადაც დომინირებს რუსეთი;
ნ) ძირითადად რუსეთის ბაზარს მიებმება ქართული ბიზნესიც, შოუ-ბიზნესი კი თითქმის მთლიანად;
ო) და რა თქმა უნდა საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების უზენაესი ინსტანცია იქნება პირადად ბიძინა ივანიშვილი. ის იქნება ასევე ქვეყნის მთავარი არაფორმალური არქიტექტორი;
პ) ერთადერთი საშუალება ზემოქმედება მოახდინო ზემოაღნიშნული უზენაესი პერსონის ნებაზე, იქნება კრემლში ჩაწყობა და ზარი მოსკოვიდან. ბაქოდან, სტამბოლიდან და პეკინიდან დარეკვამ შეიძლება არ გაჭრას.
კიდევ ბევრი რამ მოხდება ამ ხელისუფლების დარჩენის შემთხვევაში. აქ უბრალოდ ჩამოვთვალე ის, რაც აუცილებლად, უეჭველად და გარანტირებულად მოხდება. აუცილებლად, უეჭველად და გარანტირებულად! ეს არ არის ვარაუდი, ეს არის გარდაუვალობა. თან არცთუ დიდი დრო დაჭირდება ამას. ყველანი მოვესწრებით.
ჰოდა, გვინდა ასეთი ქვეყანა?
არჩევანი ჩვენზეა.”
29 იანვრის საპარლამენტო ასამბლეის სხდომა “ქართული ოცნების” ხელისუფლებისთვის დრამატულად წარიმართა.
ამ ევროსტრუქტურამ საქართველოსთან დაკავშირებით მიიღო მკაცრი რეზოლუცია, სადაც პირდაპირ წერია, რომ ქვეყანაში ახალი არჩევნები უნდა ჩატარდეს. ასევე, აღიარებულია, რომ ქვეყანაში არიან პოლიტიკური პატიმრები, რომელთა გათავისუფლებასაც რეზოლუცია ითხოვს.
ასევე, PACE-ში მუშაობის მხრივ კონკრეტული სანქციები დაუწესდა “ქართული ოცნების” დელეგაციას – მმართველი გუნდის წარმომადგენლებს უფლებამოსილება შეეზღუდათ 2025 წლის აპრილამდე – „გამოსაცდელი ვადით“.
ამ დოკუმენტის დამტკიცების შემდეგ, “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა თქვეს, რომ თავად წყვეტენ მუშაობას PACE-ში.