ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 8 კი გამოჯანმრთელდა. კორონავირუსით ახლადინფიცირებული 5 ადამიანიდან 4 სატვირთო მანქანის მძღოლია.
18 ივნისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 893 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 2710 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 739 გამოჯანმრთელდა და 14 გარდაიცვალა.
კორონავირუსის ახალი შემთხვევა გამოვლინდა ზუგდიდში. ეპიდემიოლოგების მოსაზრებით, იქ შესაძლოა, ახალი კლასტერი გაჩნდეს. მამაკაცს, რომელსაც covid-19 დაუდასტურდა, დაკრძალვაზე ათეულობით ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი.
55 წლის ინფიცირებული მამაკაცი რუსეთიდან საქართველოში 12 ივნისს, ლარსიდან შემოვიდა, საიდანაც ის გუდაურის საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს. გუდაურის საკარანტინე სივრცეში გადაყვანიდან ორ დღეში ის PCR ტესტით შეამოწმეს, თუმცა, ზუგდიდში, ძმის დაკრძალვაზე გამონაკლისის სახით დროებით მაინც გაუშვეს.
ამჟამად ეპიდემიოლოგები ინფიცირებულის კონტაქტებს ადგენენ. მისი ოჯახის წევრები და კიდევ რამდენიმე ადამიანი უკვე საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. კორონავირუსის პანდემიის შესაჩერებლად 21 მარტიდან 23 მაისამდე საქართველოში საგანგებო მდგომარეობა იყო გამოცხადებული.
კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნის პირველი ეტაპი საქართველოში 27 აპრილიდან ამოქმედდა.15 ივნისიდან საქართველოში შიდა ტურიზმი განახლდა. 1 ივლისიდან კი ქვეყანა საზღვრების გახსნას და უცხოელი ტურისტების მიღებას გეგმავს.