კახა გოგოლაშვილის კომენტარი: ჩინეთის დახმარება უმეტესწილად ისევ ჩინეთის პოპულარიზაციას ხმარდება, განსხვავებით, აშშ-ის დახმარებისგან
ურთიერთობა ჩინეთთან და აშშ-სთან
ჩინეთის მიერ საქართველოს დახმარება უმეტესწილად ისევ ჩინეთის პოპულარიზაციას ხმარდება, განსხვავებით, აშშ-ის დახმარებისგან, რომელზედაც სრულადაა დამოკიდებული საქართველოს სამხედრო სტრუქტურების არსებობა – ამის შესახებ რონდელის ცენტრის მკვლევარმა, კახა გოგოლაშვილმა გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა.
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების ამოქმედებიდან ხუთნახევარი წლის შემდეგ, საქართველომ და ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების გადაწყვეტილება მიიღეს.
გამოქვეყნდა ორი ქვეყნის ერთობლივი განცხადება სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ:
● პოლიტიკური განზომილება;
● ეკონომიკური განზომილება;
● ხალხთა შორისი და კულტურული ურთიერთობის განზომილება;
● საერთაშორისო განზომილება.
საზოგადოების ერთმა ნაწილმა ეს გადაწყვეტილება დასავლეთისთვის ზურგის შექცევად აღიქვა, მეორე ნაწილმა ეკონომიკური განვითარების დამატებით შესაძლებლობად. თუმცა, ყველა ასე მარტივად თეთრად და შავად არ ყოფს, ბევრისთვის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება მისაღებია, შეთანხმების პოლიტიკური ნაწილი კი, რისკების შემცველი.
რა წერია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტში, შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
კახა გოგოლაშვილი: “ის, რომ ჩინეთი იჩენს მეტ ყურადღებას “ქართული ოცნების“ გუნდის მიმართ და მიიწვია ჩინეთში ინტერპარტიულ თანამშრომლობაზე. ის, რომ რამდენჯერმე განხორციელდა მაღალი დონის ვიზიტები მინისტრების, პრემიერმინისტრის და ა.შ. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩინეთი მეტ ყურადღებას იჩენს ქვეყნის მიმართ.
სად ჩინეთის დახმარება და სად აშშ-ის დახმარება, რომელიც ყოველწლიურად მინიმუმ 200 მილიონი დოლარია და ჩვენი სამხედრო სტრუქტურების არსებობა, განვითარება დამოკიდებულია აშშ-ის დახმარებაზე, ნატო-სთან თავსებადობა მთლიანად დამოკიდებულია აშშ-ის პროექტებზე და პროგრამებზე.
● საქართველოს ახალი სტრატეგიული პარტნიორი ჰყავს: ჩინეთთან მეგობრობის რისკები და შესაძლებლობები
● საქართველო და ჩინეთი – რა წერია სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ დოკუმენტში
● ირაკლი კობახიძის სამთავრობო პროგრამა. ევროინტეგრაცია, დეოკუპაცია, დასაქმება და სხვა პრიორიტეტები
სად არის ამდენი ჩინური დახმარება? ჩინეთის დახმარება უმეტესად მიდის იმაზე, რომ ჩინეთის პოპულარიზაცია მოხდეს. ჩინურ ენას ასწავლიან კი, მაგრამ ეს ყველაფერი არის იმისთვის, რომ ჩინეთის პოპულარიზაცია მოხდეს და გაცნობა მოხდეს საქართველოში და არა იმისთვის, რომ საქართველო განვითარდეს როგორც დემოკრატიული ქვეყანა.
რამდენად ჭირდება ჩვენს მოსახლეობას უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან? – ჩვენთვის ნამდვილად საფრთხეა. ჩვენთვის აბსოლუტურად არაფრის მომცემი არ არის, იმიტომ, რომ ჩვენი მოქალაქეები ჩინეთში ვერ დასაქმდებიან და ამერიკაში ჩვენი მოქალაქეები უვიზო მიმოსვლის გარეშეც ძალიან კარგად ახერხებენ დასაქმებას.
ნებისმიერი, ვინც იქ ჩადის, პოულობს სამსახურს. ჩინეთში ჩვენი მოქალაქე ვერანაირ სამსახურს ვერ იპოვის და თუ იპოვის, უფრო დაბალ ხელფასზე, ვიდრე აქ არის. ამიტომ ეს ჩვენი მოსახლეობისთვის არაფერი შეღავათი არ არის.
აშშ-ის კვერცხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ჩინეთის ქათამი.“