აჭარაში, ჩაქვში მდებარე სასტუმრო “ოაზისი”, სადაც 900 ადამიანი იმყოფება, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო ჩაიკეტა – covid-19 დაუდგინდა ერთ-ერთ ექიმს, რომელიც სასტუმროში გამართულ კონფერენციაზე იმყოფებოდა. ამ კონფერენციას 400 ექიმი ესწრებოდა.
ინფიცირებული ექიმი “ავერსის” ერთ-ერთი კლინიკის წარმომადგენელია. ის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სასტუმრო „ოაზისში“ კი ეპიდემიოლოგიური კვლევა დაიწყო. სასტუმროში მყოფი 400 ექიმი და დამსვენებლები კარანტინსა და თვითიზოლაციაში გადაანაწილეს.
“სასტუმრო გარკვეული პერიოდით ჩაიკეტება, დაიწყება ეპიდემიოლოგიური კვლევა და ტესტირება, რათა შესაბამისი პროტოკოლით გადანაწილდნენ შემდეგ თვითიზოლაციაში და კარანტინში”, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ.
ჯანდაცვის მინისტრმა მოუწოდა ყველას, ვინც აჭარიდან შინ ბრუნდება, რომ თვითიზოლაციას მიმართოს და კორონავისრუსის სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში ცხელ ხაზზე – 112 – დარეკოს.
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში 38-ით გაიზარდა კოვიდ-19-ის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა. ახალი დადასტურებული შემთხვევიდან 26 ბათუმში გამოვლინდა. აქედან 23 შემთხვევა საკონდიტრო-მაღაზია “დონას” უკავშირდება.
კორონავირუსი დაუდგინდა ბათუმის ყვითელი ავტობუსის ერთ-ერთ მძღოლსაც.
არსებული ეპიდვითარების მიუხედავად, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ბათუმი არ ჩაიკეტება.
2 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 1548 ადამიანი, გამოჯანმრთელებულია 1270, ხოლო გარდაცვლილია – 19.