"ქართული ოცნების" ახალი კანონპროექტით, ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი უქმდება
ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი უქმდება
“ქართულმა ოცნებამ” პარლამენტში საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი დაარეგისტრირა, რომლის მიხედვით, ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი უქმდება, რომელიც საარჩევნო პერიოდში – არჩევნების დანიშვნიდან 10 დღის ვადაში იქმნება.
ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლების და დამკვირვებელი ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო ან/და ადგილობრივი ექსპერტებისგან არის შემდგარი.
განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ საკონსულტაციო ჯგუფის გაუქმების მიზანშეწონილობას “ადასტურებს არსებული პრაქტიკული გამოცდილება, რომელმაც ნათლად წარმოაჩინა, რომ ეს ჯგუფი, რეალურად არ ფუნქციონირებს, რაც ძირითადად დამკვირვებელი ორგანიზაციების მხრიდან ამ ჯგუფის საქმიანობაში მონაწილეობის სურვილის უქონლობით იქნა გამოწვეული”
ამასთან, რეგისტრირებული ცვლილებით უქმდება ცესკო-ში გადაწყვეტილებების მისაღებად წევრთა 2/3-ის მხარდაჭერის აუცილებლობა და გადაწყვეტილების მიღება სრული შემადგენლობის უმრავლესობით იქნება შესაძლებელი. კერძოდ, განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ კანონპროექტით განისაზღვრება:
თუ ცესკოს სხდომაზე კენჭისყრის შედეგად ვერ იქნა მიღებული ის გადაწყვეტილება, რომლის მისაღებად საჭიროა ცესკოს სრული შემადგენლობის არანაკლებ ორი მესამედის მხარდაჭერა, ცესკოს ამ გადაწყვეტილებას იმავე სხდომაზე კენჭი ხელახლა ეყრება. ამ შემთხვევაში ცესკოს აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებულად ჩაითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს ცესკოს სრული შემადგენლობის უმრავლესობა
კომენტარი
ოპოზიციონერი დეპუტატი, ხატია დეკანოიძე წერს, რომ ამ საკონსულტაციო ჯგუფს, სხვა ფუნქციებთან ერთად, საარჩევნო დავებთან დაკავშირებით ცესკოსთვის რეკომენდაციები უნდა წარედგინა და ასევე, კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის პროცესს დაკვირვებოდა.