ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გიორგი სანტურიანი აცხადებს, რომ კოალიციების მიმართვის დაკმაყოფილება კანონით შეუძლებელია.
კოალიცია “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა”და კოალიცია “ცვლილებისთვის” ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო სიების გასაუქმებლად მიმართავს და მე-11 მოწვევის პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს.
კოალიცია “ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, პარლამენტი არალეგიტიმურია, ხოლო კოალიციისთვის “ამ პარლამენტში მონაწილეობა, არალეგიტიმურ ქმედებების თანამონაწილეობად” ითვლება.
სანტურიანი განმარტავს, რომ კანონმდებლობა ამგვარ პროცედურას არ ითვალისწინებს.
“მოქმედი კანონმდებლობა, ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე, პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს. არ ითვალისწინებს როგორც პარტიების მომართვის შემთხვევაში, ასევე პირადი განცხადებების შემთხვევაში. სხვაგვარი რეგულირება საარჩევნო კოდექსით გათვალისწინებული არ არის”, – განაცხადა გიორგი სანტურიანმა.
კანონმდებლობის მიხედვით, არჩეული დეპუტატების სია ცესკომ უნდა გადასცეს პარლამენტს და შემდეგ, პარლამენტის შემადგენლობის ნახევარზე მეტმა ცნოს მათი უფლებამოსილება.
პარლამენტის ახალი შემადგენლობა სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს. ამასთან, დეპუტატების უფლებამოსილების ცნობისთვის უბრალო უმრავლესობა, 76 ხმაც საკმარისია.
რადგან ცესკო არ აპირებს ოპოზიციური კოალიციების მოთხოვნის დაკმაყოფილებას და მათ რეგისტრაციაში გაატარებს, პროცესი უკვე პარლამენტში გადაინაცვლებს. “ქართულ ოცნებას”, რომელსაც, არსებული მონაცემებით 89 მანდატი ერგება, შეუძლია ყველა არჩეული დეპუტატის უფლებამოსილება ცნოს. მათ შორის, ოპოზიციური პარტიების წევრებისაც.
ამის შემდეგ, ოპოზიციონერ დეპუტატებს შეეძლებათ განცხადებით მიმართონ უკვე პარლამენტს და მიღებული უფლებამოსილების შეწყვეტა მოითხოვონ. ამასთან, პოლიტიკურ პარტიებს დასჭირდებათ, მიმართონ ცესკოსაც და გააუქმონ თავიანთი საარჩევნო სიები, რათა დეპუტატები, რომლებიც მანდატებზე უარს იტყვიან, უფლებამონაცვლეებმა არ ჩაანაცვლონ.