covid-19-ის 19 ახალი შემთხვევის გამოვლენის გამო ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფლებში – ვანათში, ხატისოფელსა და მუშევანში კარანტინი გამოცხადდა.
25 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 456 შემთხვევაა დადასტურებული. კარანტინის რეჟიმშია 4949 ადამიანი, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 555 პირი. კორონავირუსით ინფიცირებულთაგან 132 გამოჯანმრთელდა და 5 გარდაიცვალა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ დროისთვის კორონავირუსით 80 ადამიანია ინფიცირებული. მათგან 4 გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 გარდაიცვალა.
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით, ვანათის, ხატისოფელისა და მუშევანის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მერიამ კორონავირუსის მასშტაბური გავრცელების პრევენციის მიზნით მიიღო.
სოფლების შესასვლელებთან მოეწყო ბლოკპოსტები, რომლებსაც ძალოვნები აკონტროლებენ.
ვანათის, ხატისოფლისა და მუშევანის გარდა, ბოლნისის მუნიციპალიტეტში მკაცრ საკარანტინო ზონად უკვე გამოცხადებულია ქალაქი ბოლნისი და სოფლები: რაჭისუბანი, ქვემო ბოლნისი, სავანეთი, ბალიჭი და დაბა კაზრეთი.
კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა საქართველოში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.