მმართველი პარტიის – “ქართული ოცნების” ყოფილი წევრი და ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, ბიძინა გეგიძე აცხადებს, რომ ისევ ვაკის მაჟორიტარულ ოლქში იყრის კენჭს, ოღონდ ამჯერად დამოუკიდებლად.
ფეისბუკზე გამოქვეყნებულ პოსტში გეგიძე წერს, რომ ზაფხულში ამომრჩევლებთან ურთიერთობამ გადააწყვეტინა, რომ ისევ გახდეს ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი.
საკუთარი კანდიდატურა რომ დაარეგისტრიროს, ამისთვის მას საინიციატივო ჯგუფის წარდგენა სჭირდება.
„ჩემთვის დიდი პატივი იქნება, თუ თქვენ გექნებათ სურვილი წარმადგინოთ კანდიდატად საინიციატივო ჯგუფის სახელით. ველოდები თქვენ გამოხმაურებას მომდევნო ათი დღის განმავლობაში,“ – წერს გეგიძე.
ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატები არიან:
• ნოდარ ტურძელაძე – „ქართული ოცნება“
• ელენე ხოშტარია – ოპოზიციის საერთო კანდიდატი
• ბექა ნაცვლიშვილი – „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი“
• ლევან კობერიძე – „ლელო“
• გია გაჩეჩილაძე – „მწვანეთა პარტია“
ბიძინა გეგიძე საქართველოს პარლამენტის წევრია 2016 წლიდან. ის ვაკის მაჟორიტარი და 2019 წლამდე „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იყო.
2019 წლის აგვისტოში ის სუს-ის ანტიკორუფციულ სააგენტოში დაიბარეს გამოძიებაზე, რასაც გეგიძე მის პოლიტიკურ საქმიანობას და ყოფილ პრემიერი-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილთან მეგობრობას უკავშირებდა.
2019 წლის სექტემბერში გეგიძე „რადიკალურად განსხვავებული პოზიციების” გამო „ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობიდან გარიცხეს.
2020 წლის 8 მარტს, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები 120/30 მოდელით ჩატარდება: ამომრჩეველი 120 დეპუტატს პროპორციული წესით აირჩევს, ხოლო 30-ს – მაჟორიტარულ ოლქებში.