3 მაისს ორგანიზაცია „სტუდენტური ძალების ცენტრმა“, აზერბაიჯანის ეკონომიკის უნივერსიტეტის შენობის წინ, ორგანიზება გაუკეთა საპროტესტო აქციას ლოზუნგით „სამართლიანობა სტუდენტებისთვის“. პოლიციამ აქციის მონაწილეები დაარბია, დაკავებულია რამდენიმე სტუდენტი.
ეკონომიკის უნივერსიტეტის სტუდენტები უკვე დიდი ხანია გამოხატავენ უკმაყოფილებას საგანმანათლებლო სფეროში არსებული პრობლემების გამო. ორგანიზაცია „სტუდენტური ძალების ცენტრის“ ინფორმაციით, რომელიც აზერბაიჯანში სტუდენტების უფლებებს იცავს, მათ სოციალურ ქსელებში აწარმოეს კამპანია ამ პრობლემების გადასაჭრელად, გამოაქვეყნეს მიმართვა უნივერსიტეტის ხელმძღვანელობისადმი და ზოგიერთი საჭირბოროტო საკითხის გადაჭრასაც მიაღწიეს. ამის მიუხედავად, „უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მოპროტესტე სტუდენტებს მუქარა დაუწყო და საყვედური გამოუცხადა“. სწორედ ამ ყველაფერს მოჰყვა აქცია უმაღლესი სასწავლებლის შენობის წინ.
იმის გამო, რომ პოლიციამ აქცია დაარბია და მისი ორგანიზატორები დააკავა, აქტივისტებმა ვერ შეძლეს უნივერსიტეტის წინ განცხადების წაკითხვა, მაგრამ მისი ტექსტი გამოაქვეყნეს თავიანთ Facebook-გვერდზე.
განცხადებაში, რომლის ადრესატები არიან აზერბაიჯანის ყველა უმაღლესი სასწავლებლის ხელმძღვანელები, ეკონომიკის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მეთაურობით, ასახვა ჰპოვა შემდეგმა მოთხოვნებმა:
1. მოეწყოს სტუდენტებს შორის გამოკითხვა გამოცდების ორგანიზების წესების თაობაზე, და მოხდეს მათი ორგანიზება იმ გზებითა და მეთოდებით, რომლებზეც თავად სტუდენტები დათანხმდებიან;
2. გაუქმდეს სტუდენტების მიერ ლექციების გაცდენის აღრიცხვის სისტემა მათი ონლაინ ჩატარების პერიოდში;
3. გამოცდების პერიოდში სამართლიანობის უზრუნველსაყოფად გამჭვირვალე გახდეს სააპელაციო კომისიების საქმიანობა;
4. უარი ითქვას ზეწოლის მეთოდებზე იმ „სხვაგვარად მოაზროვნე“ სტუდენტების წინააღმდეგ, რომლებიც აკრიტიკებენ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობას, დაისაჯონ ის ოფიციალური პირები უნივერსიტეტის ხელმძღვანელობიდან, რომლებიც სტუდენტებს ემუქრებიან.
პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს ჩამოართვეს პლაკატი წარწერით „სამართლიანობა სტუდენტებისთვის!“ და დააკავეს „სტუდენტური ძალების ცენტრის“ თავმჯდომარე ახმედ მამედლი, ორგანიზაციის წევრები ფარიდ ჯაბარი, რავან ახუნდოვი, ტიუკიაზბან კასიმოვა, აგრეთვე ახალგაზრდა აქტივისტი, ორგანიზაცია „სტუდენტის მოთხოვნის“ თავმჯდომარე რუსტამ ისმაილბეილი.