ბაკურიანში საოჯახო სასტუმროებს ბინების დაცლა მოსთხოვეს და სტუმრების მიღება აუკრძალეს
გაზიარება
გაზიარება
ბაკურიანში საოჯახო სასტუმროების მფლობელებს შეატყობინეს, რომ ისინი დაჯარიმდებიან, თუ სტუმრები დღეს, 17 იანვრის ბოლომდე დაქირავებულ ბინებს არ დაცლიან.
„ჰელისკი ჯორჯიას“ დამფუძნებელმა, ვატო ასათაშვილმა ტელეკომპანია ფორმულას უთხრა, რომ ბოლო დღეების განმავლობაში, როცა ცოტა თოვლი წამოვიდა და ხალხმა ბაკურიანში ასვლა დაიწყო, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, შევარდნაძის დროინდელი მეთოდებით დაიწყონ შანტაჟი.
“ადგილობრივი ბინების მესაკუთრეებს და კომპანიებს, რომლებიც აპარტამენტებს აქირავებენ, დაეგზავნათ გაფრთხილება, რომ თუ ისინი დამსვენებლებს სასწრაფო რეჟიმში არ დააცლევინებენ ბინებს, დაიწყებენ დაჯარიმებას”. – თქვა ასათაშვილმა.
ბაკურიანში აპირებენ დახურონ ორი ცენტრალური პარკი. ასევე აკრძალულია სათხილამურო ტრასების გამოყენება.
“აგვიკრძალეს საერთოდ გაქირავება ბინების, არის ბევრი ხალხი, მაგრამ ეს ხალხი არის მეპატრონეები ძირითადად და მათი ნათესავები, დადიოდა სპეციალური სამსახური, ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენელი მარინა მაკიევი, მაგ ქალბატონმა გააფრთხილა ყველა, არ გააქირავოთო. აკრძალეს ყველაფერი – პარკიც უნდა დაკეტონო. რა უფლება აქვთ პარკი რომ დაგვიკეტონ?” – ამბობს ერთ-ერთი სახლის მეპატრონე.
მოსახლეობის თქმით, ისინი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში არიან, რადგან ვეღარ უმკლავდებიან კომუნალურ გადასახადებს და მატერიალურ პრობლემებს.
__________________
საქართველოში კორონავირუსის გამო საკარანტინო შეზღუდვები 28 ნოემბრიდან მოქმედებს.
ხელისუფლება მაშინ ამბობდა, რომ შეზღუდვები 18 იანვარს მოიხსნებოდა, თუმცა, ბოლო ინფორმაციით, შეზღუდვების ვადამ 1-ელ თებერვლამდე გადაიწია. ამ დრომდე უცნობია, ამუშავდება თუ არა საზოგადოებრივი ტრანსპორტი დათქმულ დროს.
ზამთრის კურორტებზე სეზონი, ფაქტობრივად, ჩავარდნილია.
კურორტებზე იკრძალება საბაგიროების მუშაობა, არ გაიხსნება სასრიალო ტრასები, სასტუმროები კი მხოლოდ კოვიდსასტუმროებად მუშაობენ.
რესტორნები, სავაჭრო და კვების ობიექტები მუშაობის დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ. ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში.
ახალი საკარანტინო შეზღუდვები ეხება შემდეგ ზამთრის კურორტებს: გუდაური, ბაკურიანი, აჭარა, გურია, ყაზბეგი, სვანეთი და აბასთუმანი.