იმერეთის რეგიონში, ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა. შსს-ს ცნობით, მიწის მასაში მოყვა 4 საცხოვრებელი სახლი. ნაპოვნია ცხრა ცხედარი, ერთი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. ადგილზე მეორე დღეა მეხანძრე-მაშველები მუშაობენ.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, მიწის მასისგან ტერიტორიის 70%-ია გასასუფთავებელი.
“სტიქიის ზონაში იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, რომელიც ხელმძღვანელობს მიმდინარე სამუშაოებს.
სტიქიის ადგილებზე იმყოფება 200-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი, ადგილობრივი ხელისუფლების და შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, ასევე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა, დრონები, კინოლოგთა ჯგუფი და აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სამუშაოები.” – აცხადებს შსს.
ტრაგედიას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც თანადგომა გამოუცხადა დაღუპულთა ოჯახებს.
“ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო. ვუსამძიმრებ და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს. იმედია, რომ სტიქიაში მოყოლილი ადამიანები, რომელთა გადარჩენასაც ჩვენი მაშველები ცდილობენ, სწრაფად და უვნებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს.” – წერს სალომე ზურაბიშვილი.