აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკის ზრდის შენელებას და ინფლაციის განახევრებას ვარაუდობს
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკაზე
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს ეკონომიკის ზრდის შენელებას და ინფლაციის განახევრებას ვარაუდობს, ამის მიზეზი კი 2023 წელს რუსეთიდან ნაკლები მიგრანტის შემოსვლა და ფინანსების შემცირებული შემოდინება გახდება. მათივე პროგნოზით, 2024 წელს მცირედი აღმასვლაა მოსალოდნელი.
ახალი ანგარიშის თანახმად, 2023 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი შესაძლოა 4.5%-ით გაიზარდოს, ხოლო 2024 წელს 5%-მდე – მომსახურების სფეროში მზარდი მოგების კვალდაკვალ.
როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, 2023 წელს სავარაუდოდ 2022 წელს დაფიქსირებული 12%-იანი ინფლაციის მაჩვენებელი განახევრდება და 6% იქნება, 2024 წელს კი, კიდევ უფრო შემცირდება და 4%-იან ნიშნულს მიუახლოვდება. ანგარიშის მიხედვით, მიზეზი მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, შედარებით სუსტი საშინაო მოთხოვნა და გაუმჯობესებული მიწოდების ჯაჭვებია.
აზიის განვითარების ბანკის ეკონომიკურ პუბლიკაციაში ასევე განმარტებულია, რომ ტურიზმისა და მომსახურების სფეროში, ამასთან ინფრასტრუქტურულ პროექტებში პროგრესის შესანარჩუნებლად განახლებადი ენერგიის წარმოების ზრდა მომგებიანი იქნებოდა.
“გასული წლის ორნიშნა ეკონომიკური ზრდის შემდეგ საქართველომ უფრო მდგრადი განვითარების გზები უნდა ეძებოს. პოზიციის გასამყარებლად ტურიზმსა და მომსახურების სფეროში და მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებში პროგრესის შესანარჩუნებლად, საქართველოსთვის მომგებიანი იქნებოდა განახლებადი ენერგიის წარმოების გაზრდა, ინოვაციების ხელშეწყობა და გარემოსდაცვითი სამოქმედო გეგმის განხორციელების დაჩქარება.” – განაცხადა ბანკის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა საქართველოში კამელ ბუმადმა.
რაც შეეხება ინვესტიციებს, 2023 წელს ინვესტიციების ზრდა 5.5%-ით და 2024 წელს 3.5%-ით არის მოსალოდნელი.
● საქართველოში ყოველ მეხუთე ოჯახს საჭმლის სამყოფი ფული არ აქვს – NDI-ის ახალი კვლევა
● რატომ არ ვითარდება ბიზნესი სამხრეთ კავკასიის მეზობელ ქვეყნებს შორის? სამი ამბავი
● საქართველოს 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზები ორგანიზაციების მიხედვით
აზიის განვითარების ბანკი საქართველოს მხარდამჭერია 2007 წლიდან და ის ქვეყნის განვითარების ხელშეწყობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალმხრივი პარტნიორია. საქართველოსთვის გაცემული სუვერენული და არასუვერენული სესხების ჯამური ოდენობა 3.9 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.
ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.
აღსანიშნავია, რომ საქართველოში 2023 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.4 პროცენტი შეადგინა.
როგორც ექსპერტები ამბობენ, მიმდინარე 2023 წელი მსოფლიოსათვის გამოწვევებითა და მოულოდნელობებით აღსავსე წელი იქნება. მთავრობის ოფიციალური პროგნოზით, რომლის მიხედვითაც დაიგეგმა სახელმწიფო ბიუჯეტი, მიმდინარე წელს 5 პროცენტიანი ეკონომიკური ზრდაა მოსალოდნელი. ეროვნული ბანკი კი მიიჩნევს, რომ 2023 წლისთვის ყველაზე რეალისტური მშპ-ის 4 პროცენტიანი ზრდაა.