„აზერბაიჯანის ხელისუფლება ძალადობაზე წავა“ - აქტივისტები განიხილავენ დევნილი ბლოგერების წინააღმდეგ აღძრულ საქმეებს
აზერბაიჯანელი ბლოგერების დევნა
დევნილობაში მყოფიჟურნალისტი აფგან მუხთარლი და იურისტი სამედ რაგიმლი სერიოზულ საფრთხედ მიიჩნევენ სისხლის სამართლის საქმეებს, რომლებიც აზერბაიჯანში საზღვარგარეთ მცხოვრები რამდენიმე აზერბაიჯანელი ბლოგერის წინააღმდეგ არის აღძრული.
18 მარტს აზერბაიჯანის გენერალურმა პროკურატურამ გაბილ მამედოვი, ელშად მამედოვი, მაჰომედ მირზალი და გურბან მამედოვი დაადანაშაულა ტერორიზმისკენ მოწოდებაში, კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი შეცვლის, ხელისუფლების ძალადობრივი ხელში ჩაგდების, მასობრივი არეულობების გამოწვევისა და სხვა დანაშაულების ჩადენაში. ისინი ბაქოს საგამოძიებო განყოფილებაში დაკითხვაზე დაიბარეს.
იმავე დღეს, გაბილ მამედოვმა ფეისბუქზე გაავრცელა განცხადება, რომელშიც ბრალდებებს გაყალბებულად მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ადრე მსგავს საქმეში გერმანიის უზენაეს სასამართლოში გაიმარჯვა. მისი თქმით, ბრალდებების ესკალაცია აზერბაიჯანის მთავრობის მცდელობაა, შეამოწმოს ახალი კანცლერის სიმტკიცე გერმანიაში ჩატარებული არჩევნების შემდეგ.
აზერბაიჯანის ეროვნული კრების, მილი მეჯლისის დეპუტატმა და ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრმა ელმან ნასიროვმა 21 მარტს Pravda.az-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ დარწმუნებულია ის ქვეყნები, სადაც ბლოგერები ამჟამად ცხოვრობენ, მათ აზერბაიჯანს გადასცემენ, რადგან მათთვის წაყენებული ბრალდებები ტერორიზმს ეხება, ეს კი სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს ევროპისთვისაც.
აფგან მუხთარლიმ პასუხად გაიხსენა, რომ ნასიროვი ზუსტად ანალოგიურ განცხადებებს აკეთებდა მის მიმართაც 2017 წელს, მისი დაკავების წინ.
„აზერბაიჯანელი პოლიტიკური ემიგრანტების, ბლოგერებისა და სხვა პირების სიცოცხლე საფრთხეშია, რადგან აზერბაიჯანის ხელისუფლება არ გაჩერდება თავისი ოპონენტების დევნისას,“ – განაცხადა მუხთარლიმ JAMnews-თან საუბარში.
აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ხელისუფლების მიმართ მკვეთრი კრიტიკით გამოირჩეოდა. 2014 წელს, სამშობლოში დევნის გამო, ის საცხოვრებლად საქართველოში გადავიდა. 2017 წლის მაისში თბილისში, პირდაპირ ქალაქის ცენტრიდან მუხთარლი თავზე ტომარა ჩამოცმულიში გაიტაცეს და აზერბაიჯანში გადაიყვანეს.
აზერბაიჯანში მუხთარლის ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს საზღვრის უკანონო გადაკვეთის, კონტრაბანდისა და ხელისუფლების დაუმორჩილებლობის ბრალდებით. თუმცა, სამი წლის შემდეგ, 2020 წლის მარტში, მოულოდნელად გაათავისუფლეს და სპეციალური რეისით გერმანიაში გაუშვეს, სადაც მას ელოდებოდა ოჯახი – ცოლი და შვილი, რომლებიც იქ 2019 წლიდან ცხოვრობენ.
დეპუტატი ნასიროვი: „ამ ბლოგერებს აუცილებლად დააბრუნებენ აზერბაიჯანში, ეს მხოლოდ დროის საკითხია“

აზერბაიჯანის ეროვნული კრების, მილი მეჯლისის დეპუტატი და ადამიანის უფლებათა კომიტეტის წევრი ელმან ნასიროვი Pravda.az-თან ინტერვიუში:
„საერთაშორისო ანტიაზერბაიჯანული წრეები, განსაკუთრებით სომხეთი და პრო-სომხური პოლიტიკური ძალები, ცრუ და ცილისმწამებლურ ინფორმაციას ავრცელებენ. ამისთვის იყენებენ სხვადასხვა მეთოდს. ერთ-ერთი არის იმ პირების გამოყენება, რომლებიც ფორმალურად აზერბაიჯანელები არიან, მაგრამ რეალურად ამ ერისა და სახელმწიფოს მტრები. ისინი ასეთებად იქცნენ მიღებული „ჯილდოების“ გამო.
ეს ადამიანები რეალურად სომხეთის სასარგებლოდ არიან განწყობილი. ამიტომ, აზერბაიჯანის სახელმწიფოს ასეთი პირების მიმართ მკაცრი და პრინციპული პოზიცია აქვს და გაჩნდა მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში მიცემის აუცილებლობა.
ეს ბლოგერები იმედს ამყარებენ იმ ქვეყნების სამართალდამცავ ორგანოებზე, სადაც ამჟამად ცხოვრობენ. გაბილ მამედოვი ელის გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერას, ხოლო მაჰომედ მირზალი ფიქრობს, რომ საფრანგეთი, სადაც ის ამჟამად ცხოვრობს, აზერბაიჯანს მას არ გადასცემს, თუ გავითვალისწინებთ ამ ორ ქვეყანას შორის არსებულ დაძაბულ ურთიერთობებს.
მაგრამ ისინი ცდებიან. აზერბაიჯანში დაბრუნებას ვერ ასცდებიან – ეს მხოლოდ დროის საკითხია. აზერბაიჯანის სამართალდამცავი ორგანოები ამ მიმართულებით მუშაობენ.
მაგალითად, გაბილ მამედოვს 24 სისხლის სამართლებრივი ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის ტერორიზმისკენ წაქეზება, რაც ძალიან საშიშ დანაშაულად მიიჩნევა ევროპაშიც.
გერმანიის, საფრანგეთისა და სხვა ქვეყნების სამართალდამცავი ორგანოები, სადაც ეს მიგრანტები ცხოვრობენ, უდავოდ მიაქცევენ ამას ყურადღებას, რადგან ტერორიზმი ყველგან კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად ითვლება”.
აფგან მუხთარლი: “აზერბაიჯანს შეუძლია დანაშაულებრივი ჯგუფების დაქირავება მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში”

ჟურნალისტი აფგან მუხთარლი:
„დეპუტატი ელმან ნასიროვი აცხადებდა, რომ ჩემი აზერბაიჯანში გადაყვანა ქართული და აზერბაიჯანული სპეცსამსახურების ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად მოხდა. თუმცა, შემდეგ მან ეს უარყო.
სრულად დარწმუნებული ვარ, რომ გერმანიისა და საფრანგეთის მთავრობები, სადაც ემიგრანტების უმრავლესობა ცხოვრობს, ამ საკითხში აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან არ ითანამშრომლებენ, რადგან მათთვის აზერბაიჯანის მთავრობის ბუნება კარგად არის ცნობილი.
აზერბაიჯანი არაერთხელ მიმართავდა გერმანიის მთავრობას გაბილ მამედოვის ექსტრადიციის საკითხზე. ამის შედეგად იქ ჩატარდა გამოძიება და სასამართლო პროცესის შემდეგ გადაწყვეტილება მამედოვის სასარგებლოდ იქნა მიღებული. აზერბაიჯანის ხელისუფლების პრეტენზიები სრულად უარყოფილ იქნა.
მე ვიცი, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლება ქვეყნის ფარგლებს გარეთ ატარებს სპეცოპერაციებს პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ოპონენტებისა და კრიტიკოსების წინააღმდეგ. მათ გამიტაცეს მე, ჟურნალისტი რაუფ მირკადიროვი 2015 წელს და სხვა პირებიც. ისინი მკვლელობებსაც ჩადიან.
ბოლო შემთხვევა 2024 წლის ოქტომბერში საფრანგეთში უფლებადამცველ ვიდადი ისკანდერლის მკვლელობა იყო.
მხოლოდ 2021 წელს პოლიტიკური აქტივისტი ბაირამ მამედოვი თურქეთში საიდუმლოდ დაიღუპა, ვუგარ რზა ისეთივე უცნაურად და აუხსნელად ბელგიაში, ხოლო გუსეინ ბაქიხანოვი თბილისში მოკლეს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, აზერბაიჯანელი პოლიტიკური ემიგრანტების, ბლოგერებისა და სხვა პირების სიცოცხლე საფრთხის წინაშეა.
ილჰამ ალიევის რეჟიმს მილიარდები აქვს მოპარული ხალხისგან, რომლებიც არანაირ კონტროლს არ ექვემდებარება. ამ თანხებით აზერბაიჯანის ხელისუფლებას შეუძლია მსოფლიოში ნებისმიერი დამნაშავე მოისყიდოს და გააკეთოს ყველაფერი, რაც სურს.
ამას ნათელი მაგალითი იყო მაჰომედ მირზალზე თავდასხმა 2022 წელს საფრანგეთში.
გატაცება, მკვლელობა – ილჰამ ალიევს შეუძლია საკუთარი ოპონენტების წინააღმდეგ ნებისმიერი ასეთი ქმედება განახორციელოს”.
იურისტი რაგიმლი: “აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს, ოპონენტმა ემიგრანტებმა მათი კრიტიკა შეწყვიტონ”
ემიგრაციაში მცხოვრებმა აზერბაიჯანელმა იურისტმა სამედ რაგიმლიმ Toplum TV-თან კომენტარი გააკეთა იმის შესახებ, თუ რა ელოდებათ ბლოგერებს, თუ ისინი არ ჩავლენ ბაქოში და არ გამოცხადდებიან დაკითხვაზე აპრილში, როგორც ამას აზერბაიჯანის საგამოძიებო კომიტეტი ითხოვს.

იურისტი სამედ რაგიმლი:
„იურდიული პროცედურების თანახმად, შემდეგ ეტაპზე მათ წინააღმდეგ შესაძლოა გამოცხადდეს საერთაშორისო ძებნა ან ინტერპოლის მეშვეობით, ან ევროპის საბჭოს ექსტრადიციის კონვენციის საფუძველზე.
მაგრამ თუ ამ პირებს აქვთ ლტოლვილის სტატუსი იმ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობენ, აზერბაიჯანში მათი დაბრუნება ამგვარი ზომებით შეუძლებელია“
მთავრობამ ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოება დაანგრია, ახლა კი ცდილობს ემიგრაციაში მყოფი პოლიტიკური აქტივისტების საქმიანობასაც ბოლო მოუღოს.
ეს არის იმ რეპრესიების გაგრძელება, რომლებიც 2023 წლიდან აქტიურად ხორციელდება. ამჟამად ისინი მიმართულია ოპოზიციის აქტიური ნაწილისა და სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ. დროთა განმავლობაში რეპრესიების ფარგლები შესაძლოა კიდევ უფრო გაფართოვდეს.
კონკრეტულად რა ბრალი ედება ოთხ ბლოგერს?
- ელშად მამედოვს ბრალად ედება, რომ 2021 წლის აპრილიდან 2022 წლის მაისამდე სხვადასხვა საინფორმაციო პლატფორმიდან „ღიად მოუწოდებდა აზერბაიჯანში ხელისუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდებისა და ძალადობრივი გზით კონსტიტუციური წყობის შეცვლისკენ პირებთან ერთად, რომლებიც მანამდე შეთქმულებაში მონაწილეობდნენ.
- მაჰომედ მირზალს ბრალად ედება 2018 წლის დასაწყისში მასობრივი არეულობებისკენ ღია მოწოდებები, რომლებიც მიზნად ისახავდა ხელისუფლების ძალადობრივად ხელში ჩაგდებას, ასევე ძალადობრივი დემონსტრაციების ორგანიზებას.
- გურბან მამედოვს ბრალად ედება 2019 წლის 19 აპრილს, 8 ივნისს, 15 ივნისსა და 7 აგვისტოს სხვადასხვა საინფორმაციო პლატფორმებზე, შეთქმულებაში მყოფი პირთა ჯგუფთან ერთად, აზერბაიჯანში ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდების მიზნით მასობრივი არეულობებისკენ საჯარო მოწოდებები, ასევე ხელისუფლების წარმომადგენელთა კანონიერ მოთხოვნებთან ძალადობრივი დაუმორჩილებლობა.
- გაბილ მამედოვს ბრალად ედება 2015-2017 წლებში 10 ადამიანის მოტყუება იმ საბაბით, რომ მათ დაასაქმებდა სახელმწიფო სტრუქტურებში და პენსიებსა და სოციალურ დახმარებებს გაუკეთებდა. ამის შედეგად, მან ამ პირებისგან 29,597 მანათი (დაახლოებით $17,000) მიიღო. გარდა ამისა, მას სოციალურ ქსელებში ტერორიზმისკენ ღია მოწოდებებშიც ადანაშაულებენ.
აზერბაიჯანელი ბლოგერების დევნა