ავაკოვი VS სააკაშვილი
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა არსენ ავაკოვმა ‘ფეისბუკის’ საკუთარ გვერდზე ის ვიდეომასალა გამოაქვეყნა, რომელშიც მისი და ოდესის გუბერნატორის, მიხეილ სააკაშვილის სიტყვიერი დაპირისპირებაა ასახული.
კადრებში ჩანს, რომ კონფლიქტის დროს ავაკოვმა სააკაშვილს წყალი შეასხა.
‘ფეისბუქში’ შს-ს მინისტრი ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ კომენტარსაც, რომელშიც პრეზიდენტი ეროვნული საბჭოს სხდომაზე მომხდარ დაპირისპირებას ‘სამარცხვინო ინციდენტს’ უწოდებს და აღნიშნავს, რომ უხეშობა, გინება და შეურაცხყოფა დაუშვებელია, განსაკუთრებით – ‘რასისტული ქვეტექსტით’ .
‘პატივცემულო პრეზიდენტო, რბილად რომ ვთქვათ, გაკვირვებული ვარ თქვენს მიერ გაკეთებული განცხადებით. ვის ადანაშაულებთ ქსენოფობიაში? სომეხს, რომელიც უკრაინაში 3 წლიდან ცხოვრობს?
თქვენ მიმიწვიეთ ოფისში რეფორმებზე სასაუბროდ და სიტყვის თქმის უფლება არ მომცეს. ორჯერ მოგმართეთ, თუმცა არ გამომივიდა – როგორც ჩანს, ეს იყო თეატრი მხოლოდ სააკაშვილისთვის. მაგრამ, მხოლოდ ის არ არის ცხელსისხლიანი კავკასიელი. მართლაც ვწუხვარ, რომ ასე მოხდა,’ – წერს ავაკოვი.
სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ავაკოვი მიმართავს უკრაინის გენერალური პროკურორის მოადგილეს, დავით საყვარელიძესაც, რომელმაც ‘ფეისბუქის’ საკუთარ გვერდზე გუშინ მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებები გამოთქვა. უკრაინის შს მინისტრი მოუწოდებს საყვარელიძეს, დაანახოს მას ‘ლოგიკურ დასასრულამდე მიყვანილი ერთი საქმე მაინც’.
interpressnews.ge