"ერთიან ნაციონალური მოძრაობაში" არჩევნები ტარდება - პარტია თავმჯდომარეს ირჩევს
არჩევნები ნაციონალურ მოძრაობაში
საქართველოს ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია თავმჯდომარეს ირჩევს – არჩევნები ელექტრონული წესით მიმდინარეობს. ხმის მიცემა 28 იანვარს, დილის 10:00 საათზე დაიწყო და 30 იანვარს დილის 10:00 საათზე დასრულდება.
არჩევნების აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც მოქმედ თავმჯდომარეს ნიკა მელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს შორის განხეთქილება მოხდა.
პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი იბრძოლებს: მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია და პარტიის წევრები – ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე.
როგორც პარტიის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, კობა ნაყოფია ამბობს, არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად პარტიის 50 ათასი მხარდამჭერი დარეგისტრირდა.
„ყველა რეგისტრირებულს მოვუწოდებ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა. მინდა დაგარწმუნოთ, არჩევნები იქნება ფარული, ვერასდროს, ვერავინ გაიგებს მიიღეთ არჩევნებში მონაწილეობა თუ არა, ან ვის მიეცით ხმა. ამის აბსოლუტური გარანტია არსებობს, არჩევნები სრულად ფარულია და წვდომა პრაქტიკულად არავის აქვს“, – განაცხადა ნაყოფიამ.
იგი ვარაუდობს, რომ შედეგები ცნობილი იქნება 30 იანვრის, 12:00 საათისთვის.
ეს არჩევნები მნიშვნელოვანია, რადგან დიდი ალბათობით ქვეყნის ყველაზე მსხვილ ოპოზოციურ პარტიას შუაზე გაყოფს და შესამისად ცვლილებებს გამოიწვევს ზოგადად მთელ ოპოზიციურ ფრონტზე.
პარტიის დამფუძნებელს, მიხეილს სააკაშვილს ღიად რომელიმე კანდიდატის მხარდასაჭერი განცხადება არ გაუკეთებია.
__________
პოლიტიკური პარტია “ნაციონალური მოძრაობა” დაფუძნდა 2001 წელს. მისი თავმჯდომარე და ლიდერი დაარსებიდან 2015 წლამდე იყო საქართველოს მე-3 პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. 2003 წელს ეს პარტია იყო ვარდების რევოლუციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. იყო საქართველოს მმართველი პარტია 2004-2012 წლებში. 2012 წელს “ნაციონალური მოძრაობა” დამარცხდა საპარლამენტო არჩევნებში “ქართულ ოცნებასთან” და მას შემდეგ ოპოზიციაშია. ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე, 2020 წელს, “ნაციონალური მოძრაობა” სხვა, უფრო მცირე ოპოზიციურ პარტიებთან ერთად ჰქმნიდა საარჩევნო ბლოკს სახელწოდებით “ნაციონალური მოძრაობა – გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია”. ამ არჩევნებზე ბლოკმა ხმების 27.13 პროცენტი მოიპოვა, რაც ნახევარ მილიონზე მეტი ხმაა.