საქართველოს არასამთავრობო ორგანიზაციებმა სახალხო დამცველის თანამდებობისთვის ანა აბაშიძის, გიორგი ბურჯანაძისა და ნაზი ჯანეზაშვილი კანდიდატურები წარადგინეს.
ანა აბაშიძე არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” (PHR) ხელმძღვანელია, გიორგი ბურჯანაძე მოქმედი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მოადგილე, ხოლო ნაზი ჯანეზაშვილი ორგანიზაცია “სასამართლო გუშაგის” ხელმძღვანელი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი არამოსამართლე წევრია.
“ამ 3 ადამიანს წარმოადგენს ჩვენი ჯგუფი, როგორც დამოუკიდებელ კანდიდატებს და ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას სუბიექტებთან და პოლიტიკურ პარტიებთან, რათა შემდეგ მათაც სწორედ ეს ადამიანები დაასახელონ, რათა სამივეს ეყაროს კენჭი უშუალოდ პარლამენტში.” – განაცხადეს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთობლივი ბრიფინგის დროს.
მოქმედ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.
2022 წლის 9 სექტემბერს საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის არჩევის დროებითი წესი 83 ხმით დაამტკიცა. მესამე მოსმენით კანონპროექტს მხარი არ დაუჭირეს “ნაციონალურმა მოძრაობამ”, “ლელომ” და “სტრატეგია აღმაშენებელმა”. პარტიებმა ამის მიზეზად ის დაასახელეს, რომ მათი შენიშვნების გათვალისწინება არ მოხდა.
ცვლილებების მიხედვით, მომავალი სახალხო დამცველის არჩევა დროებითად მოქმედი წესით მოხდება. კერძოდ: პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებით შეფასების სამუშაო ჯგუფს შექმნის, რომლის შემადგენლობაც ცხრა წევრისგან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მათ შორის, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტდება. შეფასების სამუშაო ჯგუფის შექმნამდე, პარლამენტის თავმჯდომარე სახალხო დამცველის კანდიდატურის წარდგენის უფლების მქონე სუბიექტებთან, საპარლამენტო ფრაქციებთან და პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს გამართავს.
შეფასების სამუშაო ჯგუფი სახალხო დამცველობის კანდიდატს კეთილსინდისიერების, მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობის, მაღალი რეპუტაციის, სათანადო პროფესიული ცოდნისა და ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების სფეროში პრაქტიკული გამოცდილების ქონით შეაფასებს.