ამირან გამყრელიძე: საბჭოზე ექიმები უმცირესობაში ვართ, პოლიტიკა უფრო მაღლა დადგა
გაზიარება
გაზიარება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ საკოორდინაციო საბჭოს სხდომებზე, რომელიც ახალ შეზღუდვებსა და რეგულაციებს განიხილავს, ექიმები უმცირესობაში არიან და ქვეყანაში პოლიტიკა უფრო მაღლა დადგა ეპიდსიტუაციასთან შედარებით.
“შარშან გაზაფხულზე იყო მეტი სოლიდარობა. დღეს სამწუხაროდ, კოვიდის თემა არის მთავარი საჯილდაო თემა პოლიტიკურ პარტიებს შორის. მე მოვუწოდე ყველა პოლიტიკურ პარტიას, რომ მათი შეხვედრები დაიწყოს აცრების თემით, იმიტომ, რომ აცრებზე გადის დღეს ქვეყანაში ეპიდსიტუაციის დასრულება, ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარება და ის, რომ ჩვენ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას. შარშან გაზაფხულზე ეს არ ყოფილა, იყო მეტი სოლიდარობა”, – აცხადებს გამყრელიძე.
მისივე თქმით, საქართველოში ნაადრევად მოხდა შეზღუდვებისა და რეგულაციების შემსუბუქება. გამყრელიძემ აღნიშნა ისიც, რომ მთავრობამ შეზღუდვები შეამსუბუქა იმის გამო, რომ ბიზნესი ძალიან რთულ მდგომარეობაში იყო.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის აცხადებს, რომ ის მომხრეა, სამედიცინო პერსონალისა და ექიმებისთვის ვაქცინაცია სავალდებულო იყოს:
“მხარს დავუჭერ, რომ სავალდებულო იყოს, პირველ რიგში, მასწავლებლებისთვის, თუ გვინდა, რომ სკოლა გაიხსნას და სწავლა დაიწყონ ბავშვებმა.”
გამყრელიძემ ისაუბრა ვაქცინაციის შესახებაც. მისი განმარტებით, პირველ დოზებზე, გაჩნდა დაჯავშნის კლების ტენდენცია.
“ჩვენი ტიპის განვითარების არცერთ ქვეყანას ამდენი ფაიზერი არ ჰქონია, რაც ჩვენ გვაქვს. 1.5 მლნ დოზა მოიპოვა ქვეყანამ, ნახევარი მილიონით აშშ დაეხმარა, მილიონი იყიდა. ყოველდღიურად მოვუწოდებთ მოსახლეობას. ხომ იყო მოთხოვნა – ფაიზერი, ფაიზერი, ფაიზერი… ახლა სექტემბერში შემოვედით დაახლოებით მილიონი დოზა ფაიზერით, ნახევარი მილიონი გახარჯულია უკვე, საიდანაც 700 000 არის თავისუფალი დოზა, 300 000 დაჯავშნილი დოზაა მეორე დოზებზე და პრიველ დოზებზე ცოტა. ყოველდღე ამას ვეუბნებით მოსახლეობას – დაჯავშნეთ, დაჯავშნეთ. პირველ დოზებზე, სამწუხაროდ, ტენდენცია გაჩნდა დაჯავშნის კლების“, – ამბობს გამყრელიძე.
საქართველოში ახალი შეზღუდვები 14 აგვისტოდან მოქმედებს. შესაბამისად, 14 აგვისტოდან 4 სექტემბრის ჩათვლით, შეზღუდულია მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა. ასევე, სრულად იზღუდება ფესტივალები, გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და სპორტული შეჯიბრებები. ამასთან ერთად იზღუდება ბავშვთა გასართობი ცენტრების მუშაობაც.
ეპიდვითარების გაუარესების გამო, 2 ოქტომბერს დაგეგმილი თვითმმართველობის არჩევნების გადადების მოთხოვნით გამოვიდა საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია.
ბოლო თვეებია საქართველოში ყოველდღიურად კორონავირუსით 5000-მდე ინფიცირების და 90-მდე გარდაცვალების შემთხვევაა.
18 აგვისტოს ბრიფინგზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ თქვა, რომ ინფიცირების ტემპი ისევ მაღალია და სტაბილიზაციის ნიშნები არცერთ რეგიონში არ არის.
დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამბობს, რომ თუ დადებითობის მაჩვენებელი 4 პროცენტზე დაბლა არ იქნება, სწავლის დაწყების რეკომენდაციას ვერ გასცემენ.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში გამოვლინდა ინფიცირების 1 120 ახალი შემთხვევა და დაიღუპა 61 ადამიანი. აღსანიშნავია ისიც, რომ შაბათ-კვირას გაცილებით ნაკლები ტექსტი ტარდება, ვიდრე სხვა დღეებში.