აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ მისთვის გასაგებია ქართველი ხალხის შეშფოთება რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით.
ელჩის თქმით, “საკითხავია, რატომ ხდება” ეს ახლა და რატომ აძლევს პუტინი ქართველ ხალხს საჩუქარს. მისი თქმით, ქართველებისთვის უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა, პუტინს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება შეესრულებინა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები გაეყვანა.
“ჩემთვის გასაგებია ქართველი ხალხის შეშფოთება რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით. ჩნდება კითხვა, რატომ ხდება ეს ახლა, რატომ აძლევს პუტინი “საჩუქარს” საქართველოს ახლა, მაშინ, როდესაც უფრო მნიშვნელოვანი იქნებოდა საქართველოს მოსახლეობისთვის, რომ მან გაიყვანოს ჯარები საქართველოს ტერიტორიიდან და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და წაიღოს უკან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარება. ეს იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი ქართველი ხალხისთვის, რადგან ყველამ იცის, რომ პუტინი საზღაურის გარეშე არაფერს აკეთებს სხვაგვარად. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი იქნებოდა თუ ის შეასრულებდა პირობებსა და შეთანხმებას, რაც 2008 წელს დაიდო.” – განაცხადა კელი დეგნანმა.
10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ დოკუმენტს 2023 წლის 15 მაისიდან. მეორე განკარგულებით კი, პუტინმა გააუქმა რუსეთიდან საქართველოში საჰაერო მიმოსვლის აკრძალვა.
დოკუმენტის მიხედვით, გამონაკლისს წარმოადგენენ „მოქალაქეები, რომლებიც შედიან რუსეთის ფედერაციაში შრომითი საქმიანობის განსახორციელებლად ან 90 დღეზე მეტი ვადით, მათ შორის განათლების მიღების მიზნით“.
პუტინმა კიდევ ერთი განკარგულებით რუსეთის პრეზიდენტმა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე აკრძალვა მოიხსნა.
დოკუმენტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2019 წლის 21 ივნისის ბრძანება ძალადაკარგულად გამოცხადდა, რომელიც რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ფრენას უკრძალავდა.
ამ დრომდე რუსეთთან სავიზო რეჟიმი ცალმხრივად იყო გაუქმებული. ე.წ. გავრილოვის ღამის შემდეგ კი რუსეთმა 2019 წლის ივლისიდან საქართველოსთან პირდაპირი ფრენებიც შეწყვიტა.