აფხაზეთის სოციალური უზრუნველყოფის ე.წ. მინისტრმა, რუსლან აჯბამ, ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვის დროს მამაკაცი გაიტანა, რომელიც მოგვიანებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამ დროისთვის იგი მხოლოდ თანამდებობიდან არის დროებით გადაყენებული.
13 ოქტომბრის დილას ცნობილი გახდა, რომ აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ ხელი მოაწერა ბრძანებას რუსლან აჯბას სოციალური უზრუნველყოფისა და დემოგრაფიული პოლიტიკის მინისტრის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ.
ბრძანებაში გადაყენების მიზეზი მითითებული არ ყოფილა. მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ გაავრცელა დამოუკიდებელმა მედიამ ინფორმაცია, რომ წინა საღამოს აჯბამ სამსახურებრივი ავტომობილით ფეხით მოსიარულე გაიტანა. დაშავებული გარიკ კამლია საავადმყოფოში მიყვანიდან მალევე გარდაიცვალა.
Telegram-არხ «Аиашара»-ს ცნობით, ავარიის შემდეგ აჯბას ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება, რომელმაც დაადასტურა, რომ ის ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა
სოციალურ ქსელებში ზოგი აქებს ე.წ. პრეზიდენტს მისი სისწრაფისა და მიუკერძოებლობისთვის — ამბობს, რომ ის “ყოყმანის გარეშე სჯის საკუთარი გუნდის წევრებს“ — ზოგი კი აკრიტიკებს ადგილობრივ საგზაო პოლიციას, რომელიც უარს ამბობს სამინისტროს სანომრე ნიშნებიანი მანქანების გაჩერებაზე და მხოლოდ ავარიის შემდეგ აღმოაჩენს, რომ მძღოლი ნასვამია.
რა სასჯელი ელის ყოფილ მინისტრს, სამსახურიდან გათავისუფლების გარდა – უცნობია.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა რედაქციიის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. რედაქცია იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო