აფხაზეთში მასწავლებლებს აცრას ავალდებულებენ, უარის შემთხვევაში კი სამსახურიდან გაათავისუფლებენ
ვაქცინაცია აფხაზეთში
ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთის განათლების სექტორის ის თანამშრომლები, რომლებიც კორონავირუსის საწინააღმდეგოდ არ არიან აცრილი, სამსახურიდან უნდა გათავისუფლდნენ. მისი თქმით, ვაქცინაციის მაჩვენებელი აფხაზეთში ძალიან დაბალია და სიტუაციის გამოსწორება აუცილებელია.
აფხაზეთში მხოლოდ 13 ათასი ადამიანია აცრილი. პროცენტულად, აფხაზეთის მცხოვრებლებისთვის ერთადერთი ხელმისაწვდომი ვაქცინა “Sputnik-V”-ით, მთლიანი მოსახლეობის 5%-ზე ოდნავ მეტია აცრილი.
- აცრისგან თავის შეკავების ძირითად მიზეზად საქართველოში გვერდით მოვლენებს ასახელებენ
- მოსაზრება: ქელეხი პანდემიის დროს ცხინვალში
„ჩვენ ვხარჯავთ დიდ ფულს ვაქცინის შესაძენად. ჩვენი თხოვნით, პრიორიტეტი გვაქვს, რუსეთის ფედერაციის სუბიექტებსაც კი არ აძლევენ (ვაქცინას). და აქ პროცესის ორგანიზება არ შეგვიძლია. მოდით დავავალდებულოთ ყველა მასწავლებელი… ეს არის სწორი პოზიცია – გაათავისუფლონ ის, ვინც ვაქცინას არ გაიკეთებს“, – განაცხადა ასლან ბჟანიამ გაგრის რაიონში გამართულ შეხვედრაზე.
ბჟანიამ ასევე განათლების სექტორის წარმომადგენლებს სკოლების, სოფლებისა და მასწავლებლების ვაქცინაციის განრიგის შედგენა დაავალა. ამის შემდეგ ბჟანია, მისი თქმით, მასწავლებლებს შორის ვაქცინაციის პროცესს პირადად გაკონტროლებს.
11 დეკემბრის მდგომარეობით, ოფიციალური მონაცემებით, პანდემიის პერიოდში აფხაზეთში COVID-19-ის 36 000 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 539 ადამიანი გარდაიცვალა. ექსპერტების საერთო მოსაზრებით, კორონავირუსისგან რეალური სიკვდილიანობის მაჩვენებელი ოფიციალურს მინიმუმ ერთნახევარჯერ აღემატება, ვინაიდან სტატისტიკაში მხოლოდ ის პაციენტები შედიან, რომლებიც უშუალოდ აფხაზეთის კლინიკებში გარდაიცვალნენ.