აცრისგან თავის შეკავების ძირითად მიზეზად საქართველოში გვერდით მოვლენებს ასახელებენ
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალი კვლევის მიხედვით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისგან თავის შეკავების მთავარ მიზეზად გამოკითხულთა უდიდესი ნაწილი, 36.8% ვაქცინის გვერდით მოვლენებს ასახელებს.
გამოკითხვა გვიჩვენებს, რომ ისინი, ვინც ვაქცინა გაიკეთა და რაიმე სახის გვერდითი მოვლენა ჰონდა, მოსახლეობის 37.2%-ს შეადგენს. გვერდით მოვლენებს შორის ყველაზე ხშირად დაღლილობა, ლოკალური ტკივილი და სიცხე სახელდება.
კითხვაზე, თუ რატომ არ იკეთებენ ვაქცინას, მოსახლეობის 35.8% პასუხობს, რომ ვაქცინა ძალიან ახალია, სწრაფად შეიქმნა და საკმარისად არ არის გამოცდილი. რესპონდენტთა 32.1%-ის თქმით, აცრისგან თავის შეკავების მთავარი მიზეზი არსებული ჯანმრთელობის პრობლემებია, ხოლო 13.9% მიზეზად ვაქცინის კონკრეტული ბრენდების მიმართ უნდობლობას ასახელებს. მხოლოდ 12.4% ფიქრობს, რომ ვაქცინა სიკვდილს ან უნაყოფობას იწვევს.
აღსანიშნავია ისიც, რომ საქსტატის კვლევით, რესპონდენტებს, ვისაც არ გაუკეთებია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა და ძალიან მოსალოდნელია ან მოსალოდნელია, რომ გაიკეთონ, არჩევანის არსებობის შემთხვევაში, 53.8% გაიკეთებდა Pfizer-ს, 31.9%, – Sinopharm-ს 12.0% – Sinovac-ს, ხოლო – 3.1% AstraZeneca-ს.
კვლევა 2021 წლის ივლისი-ოქტომბრის პერიოდში ჩატარდა და მასში 1 966 ოჯახი მონაწილეობდა (ქალაქად 963, სოფლად – 1 033).
● საქართველოში 12-დან 15 წლამდე ბავშვების ფაიზერის ვაქცინით აცრა დაუშვეს
● 18 თვე კორონავირუსთან ერთად: დაავადებათა კონტროლის ცენტრის ვრცელი ანგარიში
● 1 დეკემბრიდან საქართველოში “მწვანე სტატუსი” ამოქმედდა. რა იცვლება – დეტალური გიდი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტს დაიწყო. ქვეყანაში აცრები ძირითადად ოთხი ვაქცინით მიმდინარეობდა – გერმანულ-ამერიკული “ფაიზერი”, ბრიტანული “ასტრაზენეკა”, ჩინური “სინოფარმი” (პეკინი) და ჩინური “სინოვაკი”.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის (NCDC) დირექტორი ამირან გამყრელიძე განმარტავს, „ასტრაზენეკასა“ და „ფაიზერისგან“ განსხვავებით, ჩინური წარმოების ვაქცინებს ვადა ორიდან სამ წლამდე აქვთ. თუმცა, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინის 17 ათასამდე დოზას ვადა გაუვიდა და ის ჩამოწერეს.
ეროვნული გეგმის თანახმად, ქვეყნის მიზანი წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრა იყო. თუმცა, ბოლო დროს, ქვეყანაში ვაქცინაციის ტემპი საგრძნობლად დაეცა. თუ აგვისტოს ბოლოს დღეში 20 ათასზე მეტი ადამიანი იცრებოდა, ბოლო პერიოდში დღეში საშუალოდ 4 ათასი დოზა ვაქცინა კეთდება.
2 დეკემბერის მონაცემებით სულ ჩატარებულია 2 197 838 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 1 175 379 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 41.4%, სრულად ვაქცინირებულია 1 005 740 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 35.2%.