აფხაზეთში, იზოლირებულია გალის რაიონი, სადაც კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა
გალის რაიონის მცხოვრები რუსეთიდან სახლში დაბრუნდა, მომდევნო დღეს კი ქართულ კლინიკაში მოათავსეს. აფხაზეთის ხელისუფლებამ სასწრაფოდ, მილიციის კორდონით ჩამოაშორა გალის რაიონი აფხაზეთის დანარჩენ ტერიტორიას.
50 წლის ქალი 28 მარტს მოსკოვიდან სოჭში ჩაფრინდა, მდინარე ფსოუზე საზღვარი გადაკვეთა, სადაც ნათესავი ავტომობილით დახვდა და ისინი გალის რაიონის სოფელ საბერიოში წავიდნენ.
ის უკვე მაშინ გრძნობდა თავს შეუძლოდ, მეორე დღეს კი ნათესავებმა ქალი საქართველოს ტერიტორიაზე გადაიყვანეს, სადაც ზუგდიდის რაიონის სოფელ რუხის კლინიკაში მოათავსეს.
აღნიშნულ საავადმყოფოში ჩატარებულმა კორონავირუსის წინასწარმა ტესტმა დადებითი პასუხი აჩვენა.
- აფხაზეთში რუსეთიდან შესასვლელი ჩაიკეტა, კორონავირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად
- 15 კილომეტრი ბავშვებითა და ჯვრებით კორონავირუსის წინააღმდეგ – მარში აფხაზეთში, ვიდეო
- საქართველოში საყოველთაო კარანტინი ცხადდება
- რუხის საავადმყოფო კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტებს აფხაზეთიდანაც მიიღებს
ამის შესახებ პირველი ინფორმაცია ქართულმა მედიამ 30 მარტს გაავრცელა. აფხაზეთის ხელისუფლება თავდაპირველად უარყოფდა ამ ფაქტს, აცხადებდა, რომ უკანასკნელი სამი დღის განმავლობაში, საქართველო-აფხაზეთის საზღვარი არავის გადაუკვეთავს.
ეს საზღვარი ჯერ კიდევ 12 მარტს ჩაიკეტა, კორონავირუსის შეღწევის თავიდან ასაცილებლად. 28 მარტს, აფხაზეთმა რუსეთთან საზღვარი ჩაკეტა.
თუმცა, 30 მარტის საღამოს, აფხაზეთის სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, ექიმმა და პარლამენტის დეპუტატმა ალხას ჯინჯილიამ, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგოდ შექმნილი ოპერატიული ჯგუფის წევრია, კორონავირუსის პირველი შემთხვევა აღიარა.
„რატომღაც ყველას აინტერესებს, როგორ გადავიდა ის (საქართველოში). ახლა ეს მთავარი არ არის. მთავარია, ვისთან ჰქონდა მას კონტაქტი“, – განაცხადა ჯინჯოლიამ.
არსებული ინფორმაციით, გამოვლენილია 27 ადამიანი, რომელთაც კონტაქტი ჰქონდათ კორონავირუსით ინფიცირებულ ქალთან. ძირითადად, ესენი სოფელ საბერიოს მცხოვრებლები არიან და ისინი კარანტინში გადაიყვანეს.
ამ სოფლის მცხოვრებთა დიდი ნაწილი ენგურჰესზე მუშაობს.
ენგურჰესი – უნიკალური ობიექტია. ჰესი პირდაპირ ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაშია და ერთადერთი ქართულ-აფხაზური პროექტია. მხარეები ერთად მართავენ ჰესს და იყოფენ მის მიერ წარმოებულ ელექტროენერგიას.
სანამ ალხას ჯინჯოლია ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ჰყვებოდა დეტალებს, უკვე შეჩერდა გადაადგილება გალისა და ოჩამჩირის რაიონებს შორის. პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ვალერი ბგანბას განკარგულებით, დამონტაჟდა მილიციის კორდონი, რომელმაც გალის რაიონში შესასვლელი და გამოსასვლელი ჩაკეტა.
28 მარტიდან 20 აპრილის ჩათვლით, აფხაზეთში საგანგებო მდგომარეობაა დაწესებული – ჩაკეტილია საზღვრები, არ დადის საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შეჩერებულია ბაზრების, რესტორნების, საქორწინო დარბაზებისა და მსგავსი დაწესებულებების მუშაობა.
ამ დრომდე, აფხაზეთში, ოფიციალურად, კორონავირუსის არც ერთი შემთხვევა არ იყო დაფიქსირებული. საქართველოში, 31 მარტის დილის მონაცემებით, დაფიქსირებულია კორონავირუსით ინფიცირების 108 შემთხვევა; რუსეთში – 1,836.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად.
ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო