აფხაზეთმა შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანა
გაზიარება
გაზიარება
აფხაზეთში, შეიარაღებული ძალები საბრძოლო მზადყოფნაში მოიყვანეს. თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ეს მხოლოდ გეგმიური სწავლებაა.
„შეიარაღებული ძალების სპეციალური ქვედანაყოფები სამსახურის განსაკუთრებულ რეჟიმზე არიან გადასული და რესპუბლიკის შეიარაღებული ძალები მზად არიან დანიშნულებისამებრ დავალებების შესასრულებლად“, განმარტა თავდაცვის მინისტრმა, გენერალ-პოლკოვნიკმა ვლადიმირ ანუამ.
ამასთან, აფხაზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ თავდაცვის მინისტრთან განიხილა „უკრაინის ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებული საკითხები“. ამ სიტუაციიდან გამომდინარე, პრეზიდენტმა მიუთითა აუცილებლობაზე, „მზად იყვნენ ნებისმიერ პროვოკაციაზე რეაგირებისათვის“.
ამავდროულად, აფხაზეთის მოსახლეობა გარკვეულწილად შეშფოთებულია რუსეთ-უკრაინის კონფლიქტთან დაკავშირებით, საქართველოსთან მოუგვარებელი კონფლიქტის კონტექსტში.
სხვადასხვა სოციალური ქსელების აფხაზურ ჯგუფებში ზოგიერთი უკრაინელი ბლოგერის პოსტი ქვეყნდება, რომლებიც საქართველოს მოუწოდებენ, სანამ რუსული ჯარები უკრაინის ტერიტორიაზე არიან შესულები, მოაგვარონ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებული საკითხი.
ამ პოსტებთან დაკავშირებული კომენტარები მიდის იმასთან, რომ ამ არც თუ მარტივ დროს, ნებისმიერი სცენარი, რომელიც ადრე ფანტასტიკის დონეზე განიხილებოდა (მხედველობაში აქვთ საქართველო-აფხაზეთის ახალი ომი), ახლა შესაძლოა საკმაოდ რეალური აღმოჩნდეს.
რაც შეეხება უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტს, საკმაოდ ბევრია აფხაზური სოციალური მედიის მომხმარებელი, რომელიც ომს ეწინააღმდეგება.
„ოცდაათი წლის წინ, ჩვენმა ხალხმა საკუთარ თავზე გამოსცადა, რა არის ომი. და მართალია იმ ომში საქართველოს მხარეს აქტიურად მონაწილეობდა უკრაინელთა ქვედანაყოფი УНА-УНСО, მიუხედავად ამისა, არ შეიძლება დავივიწყოთ, რომ ასეთ სისხლისღვრაში, ძირითადად რიგითი მოქალაქეები ზარალდებიან. ასე რომ, ყველას მშვიდობას ვუსურვებთ!“, – წერს Facebook-ის ერთ-ერთი მომხმარებელი.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო