ვინ არის აფხაზეთის პრეზიდენტის ახალი, ქართველი თანაშემწე
აფხაზეთის პრეზიდენტის ქართველი თანაშემწე
აფხაზეთში დიდი სკანდალია: პრეზიდენტის ახალი თანაშემწე ალექსანდრე მირელი, რომელსაც ბევრი იტალიელად მიაჩნდა გვარის გამო, ქართველი აღმოჩნდა. ის, რომ მისი ახალი თანაშემწე ეთნიკურად ქართველია, უკვე თავად პრეზიდენტმაც დაადასტურა.
ასლან ბჟანიას პრესსამსახური ახალ დანიშნულ პირს ახასიათებს, როგორც პატივცემულ პიროვნებას, რომელიც რუსეთში დაჯილდოებულია “მედლებით, საპატიო სიგელებით, მადლობისა და მისასალმებელი წერილებით”. ხაზგასმულია, რომ მან ჯილდო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისგან მიიღო.
- აფხაზეთის ჟურნალისტთა კავშირის თავმჯდომარე საქართველოსთან ვაჭრობის დაკანონების მომხრეა
- მშვიდობის ოაზისი “მეორე ფრონტის” ნაცვლად. მოსაზრება აფხაზეთიდან
- აფხაზ ტიკ-ტოკერს, რომელიც აფხაზეთს საქართველოს ნაწილად ხედავს, ღალატში ადანაშაულებენ
აღმოჩნდა, რომ ალექსანდრე მირელი ადრე მირილაშვილი იყო. იგი სოხუმში დაიბადა და 1992 წელს, როდესაც ქართულ-აფხაზური კონფლიქტი დაიწყო, საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა.
მირელი იძებნება რუსეთში ქართული დიასპორის ვებგვერდზე kartvelebi.ru არსებულ ჩამონათვალშიც. იქ იგი წარმოდგენილია როგორც სახელმწიფო და საზოგადო მოღვაწე.
სკრინშოტებს ამ საიტიდან ცნობილი აფხაზი ჟურნალისტი ნიზფა არშბა აქვეყნებს.

„ამ ინტერნეტპორტალის მონაცემებს თუ დავუჯერებთ, მაშინ ქართული დიასპორის წევრები არიან გეორგი გულია და ფაზილ ისკანდერიც. ვიმედოვნებთ, რომ მათი წარმოშობა კითხვებს არ აჩენს. თუმცა, ისკანდერისა და გულიას ფოტოები, ალექსანდრე მირელის ფოტოსთან ერთად, ამ ვებგვერდზეა განთავსებული განყოფილებაში „ქართული დიასპორა“, – აცხადებენ აფხაზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურში.
ის, რომ ახლა აფხაზეთის ლიდერს თანაშემწის სტატუსით ეთნიკურად ქართველი დაეხმარება, სოციალური ქსელებიდან გახდა ცნობილი. ოფიციალურად, ალექსანდრე მირელის პრეზიდენტ ბჟანიას ახალ თანაშემწედ დანიშვნის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
აფხაზეთის პრეზიდენტის პრესსამსახურს ჯერ არ გაუკეთებია ინფორმაცია, კონკრეტულად რას გააკეთებს მირელი და რა იქნება მისი უფლებამოსილება.
რა არის ცნობილი მირელის შესახებ
მირელი იყო არხანგელსკის ოლქის გუბერნატორის ყოფილი მოადგილე (2009-2012), რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატის სტანისლავ გოვორუხინის თანაშემწე.

მედიამ მას ყურადღება 2018 წლის ივნისში მიაქცია, როდესაც მისი ვაჟის, მორის მირელისა და სამშენებლო მაგნატის ალექსანდრე ჩიგირინსკის ქალიშვილის, ირინა ჩიგირინსკის ქორწილი შედგა.
მაშინ მედია წერდა, რომ პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა ნატალია ტიმაკოვამ ამ ქორწილში ლეზგინკა იცეკვა.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო