ბრიტანელმა დეპუტატმა, ადამ ჰოლოვეიმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში საქართველოს შესახებ ანგარიშის წარდგენის დროს განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ პროპუტინისტური და პრორუსული ჯგუფია, რომლის ხელმძღვანელობაც საქართველოს რისკის ქვეშ აყენებს, რომ რუსეთის მარიონეტი გახდეს და ის მიზანმიმართულად ძირს უთხრის ევროკავშირში შესვლის კრიტერიუმებს.
“ქართული ოცნების” პარტია თავიდანვე რუსეთის მიმართ დადებითად განწყობილი და რუსეთის ხელმძღვანელობის მიერ კონტროლირებადი ორგანიზაცია იყო. პარალელურად პროდასავლურობას და დემოკრკატიულობას იბრალებდნენ.
მისი დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ოლიგარქია, რომელმაც საკუთარი ფული სავარაუდოდ, რუსულ გარიგებებში იშოვა. მას ბრალი ედება, რომ საკუთარ სიმდიდრეს იმისთვის იყენებს, რომ ხმები იყიდოს და ერთგული პირები დანიშნოს საქართველოს ხელისუფლებაში. მიუხედავად იმისა, რომ მას ახლა არჩევადი პოზიცია არ უკავია, მას დიდი კონტროლი აქვს საქართველოს ინსტიტუტებზე”, – განაცხადა დეპუტატმა.
ადამ ჰოლოვეიმ ასევე ისაუბრა აშშ-ის მიერ ოთხი ქართველი მოსამართლის მიმართ დაწესებულ სანქციებსა და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეც. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში კვდება, ხოლო საქართველოს პოლიტიკურ სისტემაში “ყოვლისმომცველი კორუფცია” ახლა ხდება ნათელი.
“დამოუკიდებელმა ექიმებმა დაადასტურეს, რომ მის [სააკაშვილის] სისხლში მძიმე ლითონებით მოწამვლის კვალი იქნა აღმოჩენილი. როდესაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი იყო 2008 წელს, ვლადიმერ პუტინი საქართველოში შეიჭრა და რუსმა სამხედროებმა ქვეყნის დიდი ნაწილის ოკუპაცია მოახდინეს. მაშინ ბატონმა სააკაშვილმა გაგვაფრთხილა, რომ ეს პირველი ნაბიჯია პუტინის მისიაში, რომ აღადგინოს რუსეთის გავლენის სფერო და, შემდგომ, იმპერია, აღმოსავლეთ ევროპასა და კავკასიაში. მან ასევე გაგვაფრთხილა, რომ საქართველოს შემდეგ პუტინი ყირიმისკენ გაიხედავდა“, – აღნიშნა ჰოლოვეიმ.
ბრიტანელმა დეპუტატმა დაამატა, რომ მაშინ, როდესაც თითქმის ყველა ევროპულმა სახელმწიფომ უკრაინაში შეჭრის დასაწყისშივე რუსეთის წინააღმდეგ სანქციები შემოიღო, საქართველოს მთავრობამ ბიზნეს შესაძლებლობა დაინახა და რუსეთთან ვაჭრობა გააფართოვა:
“პარტიამ ასევე უკრაინისადმი მხარდაჭერის საბოტაჟი მოახდინა, მაშინ როდესაც საქართველოს მოქალაქეები უზარმაზარი რაოდენობით წავიდნენ რუსული შემოჭრის წინააღმდეგ საბრძოლველად.”