ვიოლა ფონ კრამონი: არ ვარ დარწმუნებული, რომ ქართულ ოცნებას ევროპული ინტეგრაცია სურს
ვიოლა ფონ კრამონი ქართულ ოცნებაზე
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი ტელეკომპანია “ფორმულასთან” ამბობს, რომ ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები ძალიან პროევროპულები არიან, თუმცა ის არ არის დარწმუნებული, რომ მმართველ პარტია “ქართულ ოცნებას” ევროპული ინტეგრაცია სურს.
“ისინი ცდილობენ აჩვენონ, რომ ჩვენ არ ვართ სანდოები, მიზანმიმართულ თავდასხმებს ახორციელებენ ჩემზე, ჩემს კოლეგებზე და ცდილობენ ისე გამოიყვანონ, რომ ხალხი არ გვენდობა და არ არიან დარწმუნებული, სინამდვილეში რა გვინდა. გვაკავშირებენ ომის მომხრე კოალიციასთან, რაც ხალხს აშინებს, მაგრამ ჩვენ საპირისპიროს წარმოვადგენთ – გვინდა მშვიდობა, მრავალფეროვანი ინსტიტუტები, რომლებიც უზრუნველყოფენ მშვიდობასა და სტაბილურობას ევროპაში. არ ვარ დარწმუნებული, რომ ქართულ ოცნებას ან მთავრობაში მყოფ აქტორებს ნამდვილად სურთ ევროპული ინტეგრაცია.” – განაცხადა კრამონმა.
● სენატორი ჯინ შაჰინი: საქართველოში უკუსვლაა – შესაძლოა გადავხედოთ სტრატეგიას დახმარებასთან დაკავშირებით
● “საქართველოში დემოკრატიის უკუსვლა შემაშფოთებელია” – აშშ-ს სენატის საგარეო კომიტეტის სხდომა
● გადაწყვეტილება მიღებულია: უკრაინას და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მისცეს. საქართველოს – მხოლოდ პერსპექტივა
8 ნოემბერს ევროპარლამენტარებმა ბრიუსელში, საგარეო კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების დანერგვის ყოველწლიური ანგარიში განიხილეს. მიღებული კომპრომისული დოკუმენტის მიხედვით, ბიძინა ივანიშვილი აღარ არის ნახსენები როგორც ოლიგარქი, თუმცა დეოლიგარქიზაციის პუნქტის თავშივე მოცემულია მისი სახელი და გვარი და წერია, რომ აუცილებელია ივანიშვილის ჭარბ გავლენებთან დაკავშირებით მიღებული იყოს, მათ შორის, საკანონმდებლო გადაწყვეტილებები.
გარდა ამისა, დოკუმენტში საუბარია მედიის შევიწროებაზე, პოლიტიკურ დევნაზე, სახალხო დამცველის არჩევის წესზე და ასევე, ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, “ჰუმანიტარული მიზნებით და პოლარიზაციის შესამცირებლად”, გადაიყვანოს მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ.
2022 წლის 13 ივლისს კი ცნობილი გახდა, რომ ევროკომისია საქართველოსთვის ევროკავშირის მიერ გაწერილი 12 პუნქტის შესრულების შესახებ შეფასებას 2022 წლის ნაცვლად, 2023 წლისთვის მოამზადებს. ამის შესახებ ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროკომისიის წარმომადგენელმა, მაიკლ რუპმა ისაუბრა.
ევროკომისიამ საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე 17 ივნისს დასკვნა მოამზადა. შედეგად, უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსს და დაეკისრებათ გარკვეული ვალდებულებების შესრულება, ხოლო საქართველოს ჯერ 12 პუნქტიანი გეგმის და პირობების შესრულება დაევალება, შემდეგ კი კანდიდატობის სტატუსის მიღების შანსი ექნება.