სამხრეთ კავკასიის ქალაქები ახალი წლის წინ - ფოტო და ვიდეო ექსკურსია
ახალი წლის დღეები – ეს არის ყველგან ფერადი შუქი, განათებული ქანდაკებები, ბევრი მუსიკა დღის ნებისმიერ მონაკვეთში და საახალწლო ნაძვის ხეეები.
ამ ყველაფრის ერთდროულად სანახავად სამხრეთ კავკასიის ექვს ქალაქში ექსკურსიის მაგვარი მოვაწყვეთ.
როგორც ყოველთვის JAMnews-ზე, ტოპონიმიკა იმის შესაბამისია, როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები მეტყველებენ, ქალაქები კი ალფავიტის მიხედვით არის დალაგებული.
ბაქო
JAMnews-ის ვიდეო
გვიამბობს კამილა:
„ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი ახალი წლის ღამეს გაიცნეს. დედას მისმა მეგობარმა დაურეკა და დღესასწაული მიულოცა. როდესაც გაიგო, რომ დედა ახალი წლის შეხვედრას მშობლებთან ერთად აპირებდა, თავისთან მიიპატიჟა. დედას სიბნელეში მარტოს რომ არ ევლო, მან მის დასახვედრად უფროს ძმას სთხოვა წასვლა. ძმას არაფრით არ უნდოდა უცხო გოგონას დასახვედრად წასვლა, ძლივს დაითანხმეს. ორ საათში ისინი უკვე ერთად წავიდნენ სადღაც წვეულებაზე. ორ დღეს ურთიერთობდნენ და მესამე დღეს მამამ დედას ცოლობა სთხოვა. ისიც დათანხმდა. ქორწილი 1 მარტს იყო”.
JAMnews-ის ფოტო
ერევანი
ვიდეო: სედა გრიგორიანი , JAMnews
გვიამბობს სამსონ მირზოიანი:
„ასეთი დიდი ნაძვის ხე პირველად 1950 წელს ვნახე. რასაკვირველია, ის ამას არ ჰგავდა – ბევრად პატარა იყო, მაგრამ მე უზარმაზარი მეჩვენებოდა. არც მოედანზე იყო მაშინ ამდენი ხალხი, როგორც ახლა. მე ბაბუაჩემს ვეჯექი მხრებზე. დღემდე მახსოვს, მღელვარებისგან, აღფრთოვანებისა და სიხარულისგან როგორც გამიოფლიანდა თბილ ხელთათმანებში ხელები “.
ერევანში მთავარი ნძვის ხის დადგმასა და მორთვაზე 2017 წელს 22 მილიონი დრამი (დაახლოებით $45 ათასი) დაიხარჯა. ნაძვის ხის სიმაღლე 32 მეტრია, ის სომხეთის სხვადასხვა ოლქიდან ჩამოტანილი 6 ათასი ტოტისგან არის აწყობილი.
ქალაქის საახალწლოდ მორთვაზე მერიამ მთლიანობაში 54 მილიონი დრამი (დაახლოებით $112 ათასი) დახარჯა.
ფოტო: სედა გრიგორიანი , JAMnews
სტეფანაკერტი
ვიდეო: ლუსინე ტევოსიანი, JAMnews
„ვაი!“ – 31 დეკემბრის დილის 9 საათზე ალვარდმა ნათესავებისთვის მხოლოდ ამ შეტყობინების გაგზავნა მოასწრო. სალათის მომზადება ვეღარ დაასრულა – მშობიარობა დაეწყო. ის მაშინ 36 წლის იყო და ექიმები დაჟინებით ურჩევდნენ საკეისრო კვეთას. ის დათანხმდა, მაგრამ იმ პირობით, რომ მუცელზე ძალიან აკურატული ნაწიბური ექნებოდა – „შემდეგ როდესმე სანაპიროზე გასვლა ხომ მომიწევს“, – არწმუნებდა ალვერდი ქირურგს – „რა ვქნათ, ჩვენ ხომ მხატვრები არ ვართ“, – დაეჭვებით ამბობდა ექიმი. 11 წელი გავიდა და როგორც ალვერდი ამბობს, უფრო სიმპათიური ნაწიბური შეუძლებელია არსებობდეს.
სოხუმი
ვიდეო: ანაიდ გოგორიანი, JAMnews
გვიამბობს სტელა:
„შობას ყოველთვის სოფელში აღვნიშნავდით, ბებიასთან და ბაბუასთან ერთად, და აი, ერთხელ – მაშინ 10 წლის ვიყავი – მთელი ოჯახი ბაბუასთან ვიყავით სტუმრად, ირგვლივ ხმაური და მხიარულება იდგა. ბაბუას ჰყავდა ძაღლი, რომელიც ძალიან მიყვარდა, ჩემი ნამდვილი მეგობარი იყო. გავიგონე, როგორ ყეფდა და გარეთ გავედი, რომ მენახა, თუ ვინ მოვიდა. ჩემს დანახვაზე ძაღლი აწკმუვლდა, შემდეგ კი ისევ ყეფა დაიწყო. ახლოს მივედი, რადგან ძაღლი დაბმული იყო და ადამიანი დავინახე ზურგიდან, მაგრამ ის ჩვეულებრივ ადამიანს არ ჰგავდა, ძალიან მაღალი იყო და თითქოს ნაზი ბალნით იყო დაფარული. დავუძახე, მაგრამ ძალიან სწრაფად წავიდა. ვფიქრობ, რომ ეს იყო „თოვლის კაცი“, რომლის შესახებაც ძალიან ბევრს მიყვებოდნენ. მოგვიანებით დედამ მითხრა, რომ თოვლის კაცის ამბავი ოჯახში ჩემ დასაშინებლად გამოიგონეს, როდესაც ცუდად ვიქცეოდი, მაგრამ მე ხომ აშკარად რაღაც არსება ვნახე? და ისევ გამოცანად რჩება – მაინც ვინ იყო?“
ფოტო: იბრაგიმ ჭკადუა, JAMnews
თბილისი
ვიდეო: მახო ბერძენიშვილი
გვიამბობს ნინო გუგენიშვილი:
“დადგა 2006 წელი. მე მაშინ გერმანიაში ვსწავლობდი და ახალი წლის შესახვედრად შინ გაფრენა გადავწყვიტე. სტამბოლის აეროპორტში გადაჯდომისას აღმოჩნდა, რომ თვითმფრინავზე უფრო მეტი ბილეთი გაყიდეს, ვიდრე ადგილი იყო – და, ბევრი ხვეწნის მიუხედავად, თვითმფრინავში არ ჩამსვეს.
შემდეგ კაფეში ვიჯექი, ვტიროდი და ვფიქრობდი, ეს რომ კინო ყოფილიყო, უნდა გამოჩენილიყო სიმპათიური ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც მაშინვე თავდავიწყებით შევუყვარდებოდი, მაგრამ ამის ნაცვლად, ჩამეძინა, ხოლო როდესაც გამეღვიძა, აღმოჩნდა, რომ ჩემი ქურთუკი მოუპარავთ. თუმცა, ეს ისტორია ძალიან კარგი ახლი წლის დასაწყისი გახდა. მე გერმანიაში სწავლის გაგრძელების მოულოდნელი შესაძლებლობა გამომიჩნდა, ჩემი ძმის ოჯახში კი ბავშვი გაჩნდა“.
ცხინვალი
JAMnews-ის ვიდეო
სამხრეთ ოსეთში იმ წელს საკულტო რიცხვად 27-ის არჩევა გადაწყვიტეს. 2017 წელს რესპუბლიკას 27 წელი შეუსრულდა და ამ თარიღის აღსანიშნავად 27 დეკემბერს 27 თოვლის ბაბუა მხრებზე მოკიდებული ხურჯინებით დილიდან ქალაქის ქუჩებში დადიოდა და ყველა შემხვედრს ტკბილეულს ურიგებდა.