აფხაზური ოპოზიცია რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღების პირობების შესახებ ინფორმაციას ითხოვს
ენერგოკრიზისი აფხაზეთში
აფხაზური ოპოზიცია ხელისუფლებისგან რუსეთიდან ელექტროენერგიის მიღების პირობების შესახებ ინფორმაციას ითხოვს. ელექტროენერგიის დეფიციტის გამო, აფხაზეთი იძულებულია დენი რუსეთში იყიდოს, თუმცა, მისი ფასი საზოგადოებისთვის უცნობია. მაგრამ იმპორტირებული ელექტროენერგიაც კი არ არის საკმარისი – აფხაზეთში შუქის გათიშვები გრძელდება.
ადრე, ექვსი დეპუტატისგან შემდგარმა ჯგუფმა ეკონომიკის სამინისტროს მიმართა იმ მიზნით, რომ გაეგოთ, რა პირობებზე შეუთანხმდა აფხაზეთი რუსეთს ელექტროენერგიის მოწოდებაზე. პარლამენტარებს კანონით გამოყოფილი ორი კვირის ამოწურვის შემდეგაც კი არ უპასუხეს.
ოპოზიციის ლიდერმა ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ ხელისუფლებას უფლება არ აქვს მოსახლეობას საგარეო ვალის შესახებ ინფორმაცია დაუმალოს.
- აფხაზეთში მძიმე ზამთრისთვის ემზადებიან: დენი დღე-ღამეში 6-8 საათიც არ იქნება
- მოსაზრება: ენერგოკრიზისი აფხაზეთში ვერ გადაიჭრება, სანამ ქსელში კერძო ბიზნესს არ დაუშვებენ
აფხაზეთის კანონმდებლობის თანახმად, თანამდებობის პირმა, რომელსაც დეპუტატების მოთხოვნა ეგზავნება, მას წერილობით უნდა უპასუხოს მისი მიღებიდან არაუგვიანეს 20 დღისა.
„დღეისათვის, აღნიშნულ მოთხოვნაზე არანაირი რეაქცია არ მიგვიღია, რაც კანონის უხეშ დარღვევას წარმოადგენს, რასაც აუცილებლად უნდა მიაქციოს ყურადღება გენერალურმა პროკურატურამ“, – მიაჩნია ადგურ არძინბას.
2021 წლის დეკემბრიდან, აფხაზეთი ელექტროენერგიის ნაკადს რუსეთიდან იღებს, რომლითაც იფარება რესპუბლიკის ტერიტორიის, დაახლოებით, ორი მესამედი, დანარჩენი კი მარაგდება აფხაზეთში, გალის რაიონში არსებული პირველი ვარდნილჰესიდან.
ამასთან, როგორც აფხაზეთის მთავარი ელექტროსადგურის – ენგურჰესის დირექტორმა, ლევან მებონიამ განაცხადა, წყლის დონე ჯვრის წყალსაცავში, საიდანაც ჰესი მარაგდება, ფაქტობრივად სრულად ამოწურულია. სადგური იძულებულია იმუშაოს მხოლოდ წყალსაცავში შემავალი წყლის ნაკადით, რაც აფხაზეთის აღმოსავლეთ ნაწილის მოხმარების დაფარვისთვისაც კი არ არის საკმარისი.
ენერგოკომპანია „ჩერნომორენერგოს“ ოპერატიულ-ტექნიკური დირექტორის, რუსლან კვარჩიას თქმით, რუსეთიდან რესპუბლიკას 660 მილიონი კილოვატი-საათის ოდენობით ნაკადი მიეწოდა და თვეებზე განაწილდა.
იანვარში დაგეგმილი იყო 250 მილიონი კილოვატ-საათის მოცულობის მოხმარება, თებერვალში – 230 კილოვატ-საათის და მარტში – 180 მილიონი კილოვატ-საათის. თუმცა, მოხმარებული ელექტროენერგია საგრძნობლად აღემატება ნაკადის რაოდენობას, რის გამოც, კვლავინდებურად აუცილებელია აფხაზეთში შენარჩუნდეს მარაოსებრი გათიშვების გრაფიკი.
საშუალოდ აფხაზეთის თითოეული მცხოვრები უშუქოდ დღეში 4-დან 6 საათამდე ატარებს.
რუსეთიდან აფხაზეთისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის პირობები და დაფარვის ვადები ამ დრომდე უცნობია როგორც საზოგადოებისთვის, ისე პარლამენტისთვის.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო