აფხაზური ოპოზიცია ასლან ბჟანიას დებატებში იწვევს
აფხაზური ოპოზიცია პრეზიდენტს დებატებში იწვევს. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ხელმძღვანელებმა წერილით მიმართეს ასლან ბჟანიას და მოუწოდეს, ოპოზიციონერ ადგურ არძინბასთან ერთად, სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, აფხაზეთში არსებული ვითარება განიხილოს.
ოპოზიციის განცხადების თანახმად, პრეზიდენტისადმი წერილობით მიმართვა მათ ასლან ბჟანიას „დაჟინებულმა დუმილმა“ აიძულა იმ საკითხებზე, რომელსაც ოპოზიცია ადრე აყენებდა აფხაზეთის მეთაურის წინაშე, მაგრამ მათზე არანაირი რეაქცია არ მიუღიათ.
- ”აფხაზეთის ნებისმიერ ლიდერს ორი პრობლემა აქვს: დახმარება უნდა ითხოვოს და ახსოვდეს, რომ ამისთვის გადახდა მოუწევს”
- მოსაზრება: რაზე შეთანხმდნენ ხელისუფლება და ოპოზიცია აფხაზეთში
- აფხაზეთში ოპოზიცია ახალი პოლიტიკური შეთანხმების ინიციატივით გამოდის
კერძოდ, საუბარია მოთხოვნაზე, თანამდებობები დატოვონ საზოგადოებრივი ტელევიზიის ხელმძღვანელმა ირინა აგრბამ „ტოტალური ცენზურის გამო, რომელიც ეწინააღმდეგება ჩვენი სახელმწიფოს დემოკრატიულ პრინციპებს“, ასევე, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, რომლებმაც „უმძიმესი შეცდომა დაუშვეს კრიპტოვალუტის მოპოვების ლეგალიზაციით, რის შედეგადაც სახელმწიფოსა და მოქალაქეებს კოლოსალური ზიანი მიადგათ“.
გარდა ამისა, ოპოზიციას მიაჩნია, რომ პრეზიდენტი საკუთარი კონსტიტუციური ვალდებულების იგნორირებას ახდენს, მიმართოს ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტს საგარეო და საშინაო პოლიტიკის საკითხებზე.
„სახელმწიფოს მართვის ასეთი სტილი მიუღებლად მიგვაჩნია. მოქალაქეებს უფლება აქვთ იცოდნენ, საით და რისკენ მიჰყავს თავისი პოლიტიკა მათი კონსტიტუციური უფლების გარანტს. დიდი ეჭვი გვაქვს, თქვენ შეგძლებოდათ აფხაზეთის რესპუბლიკის მოქალაქეთა უმრავლესობის მხარდაჭერის მოპოვება, თუკი წინასაარჩევნო კამპანიის დროს გაახმოვანებდით საქართველოსთან მრავალდონიანი მოლაპარაკებებისა და ქვეყნის სტრატეგიული ობიექტების გაყიდვის იდეას“, – ნათქვამია წერილში.
ოპოზიციის ხელმძღვანელები პრეზიდენტ ასლან ბჟანიას სთავაზობენ, უახლოეს პერიოდში, საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითად საკითხებზე სასაუბროდ გამოვიდეს სახელმწიფო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში, ოპოზიციის ლიდერ, ადგურ არძინბასთან ერთად.
საკითხებს შორის, რომელიც ოპოზიციის აზრით, ქვეყნის მოქალაქეებს აინტერესებთ, არის – პანდემია, ენერგეტიკაში არსებული ვითარება, სოხუმის აეროპორტის მუშაობის განახლება, რუსეთ-აფხაზეთის საზღვრის დემარკაცია, კორუფციასა და დანაშაულთან ბრძოლა.
ასლან ბჟანია – გზა ხელისუფლებისკენ
ასლან ბჟანია აფხაზეთის პრეზიდენტი 2020 წლის მარტში გამართული ვადამდელი არჩევნების შედეგად გახდა. მანამდე, ექვსი წლის განმავლობაში, ის გაერთიანებულ ოპოზიციას ხელმძღვანელობდა და პრეზიდენტობის მთავარ კანდიდატად მიიჩნეოდა 2019 წელს დანიშნულ არჩევნებზე.
თუმცა, არჩევნებამდე ნახევარი წლით ადრე, ის მოულოდნელად დაავადდა. ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ ის მოწამლეს, ხელისუფლება მოსკოვის კლინიკის დასკვნაზე აპელირებდა, სადაც ბჟანია მოათავსეს, რომ დაავადების მიზეზი – გიენა-ბარეს სინდრომი იყო.
რეაბილიტაციის პროცესის გაჭიანურების გამო, ასლან ბჟანიამ ვერ შეძლო არჩევნებში მონაწილეობა, ოპოზიციამ კი ასეთ ვითარებაში ვერ შეძლო საერთო კანდიდატის დაყენება. ის არჩევნები, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სადავო გადაწყვეტილებით, მოქმედმა პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ მოიგო.
ოპოზიციამ სასამართლოში გაასაჩივრა არჩევნების შედეგები, მაგრამ სანამ პროცესი მიმდინარეობდა, სოხუმის სანაპიროზე სამმაგი მკვლელობა მოხდა. ეჭვმიტანილთა შორის აღმოჩნდნენ პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლები.
საბოლოოდ, მოკლულების აღშფოთებულმა ნათესავებმა, „დონბასის გმირის“, ახრა ავიძბას ხელმძღვანელობით, 2020 წლის 9 იანვარს შტურმით აიღეს პრეზიდენტის სასახლე, რამდენიმე დღის შემდეგ კი რაულ ხაჯიმბამ ვადაზე ადრე გადადგომის შესახებ განაცხადა.
ხაჯიმბას გადადგომის შემდგომ გამართულ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში ასლან ბჟანიას მთავარი კონკურენტი გახდა ეკონომიკის მინისტრი, ადგურ არძინბა.