სროლა ყაზანის სკოლაში. რეპორტაჟი ტრაგედიის ადგილიდან
11 მაისს რუსეთის ქალაქ ყაზანში სკოლაზე თავდასხმის შედეგად, ოფიციალური მონაცემებით, ცხრა ადამიანი დაიღუპა, მათ შორის შვიდი ბავშვი. რუსული “ნოვაია გაზეტას”კორესპონდენტმა ტრაგედიის ადგილი მოინახულა იმის გასარკვევად, თუ როგორ შეძლო მარტოხელა შეიარაღებულმა პირმა ამ თავდასხმის განხორციელება ისე, რომ იგი ვერავინ შეაჩერა.
ყაზანი (თათრეთის რესპუბლიკის დედაქალაქი), კომპოზიტორ ჯაუდათ ფაიზის ქუჩა, ქალაქის აღმოსავლეთი გარეუბანი. დილის 9 საათი. 175 -ე გიმნაზიის ღობის გასწვრივ ტროტუარზე მიაბიჯებს მამაკაცი, რომელსაც შავი შარფი აქვს შემოხვეული, წითელი წარწერით “ღმერთი”. აცვია შავი პიჯაკი, შავი შარვალი. ხელში შავი ფერის თოფი უჭირავს.
19 წლის ილნაზ გალიავიევმა საკუთარი სახლიდან სკოლამდე 11 მაისს დილით 290 მეტრი გაიარა, იარაღი არ დაუმალავს. სათვალთვალო კამერების კადრების მიხედვით, მის გარშემო ხალხი და მანქანები მოძრაობდა. მაგრამ გამვლელებმა ან ყურადღება არ მიაქციეს, ან უბრალოდ გადაწყვიტეს, არ ჩარეულიყვნენ.
დანაშაული გალიავიევმა თავის Telegram-არხზე დააანონსა. მან განაცხადა, რომ აპირებს სხვების მოკვლას და შემდეგ თვითმკვლელობას. ამავე დროს, ის საკუთარ თავს “ღმერთს” უწოდებდა.
9.25 საათზე იგი სკოლის შესასვლელის საფეხურებზე ადის. დაცვა, რომელმაც ის შეიარაღებული დაინახა, აჭერს ღილაკს, რომელიც მინის კარებს ბლოკავს. მაგრამ ახალგაზრდა ჯერ ესვრის საკეტს, ხსნის კარს და შემდეგ, მოსწავლეების თქმით, დაცვასაც ესვრის.
- “ტერაქტები 18 წლამდე” – რატომ იჭერენ მოზარდებს რუსეთში
- პანკისში მშვიდობა აღარ არის
- ტრაგედია ყირიმში – კოლეჯის მოსწავლემ მინიმუმ 20 ადამიანი მოკლა
– უკვე სამი წელია პროფესიონალი დაცვა არ გვყავს”, – მეუბნება მე -9 კლასის მოსწავლე ნიკიტა – აქ ადრე უსაფრთხოების კერძო კომპანია იყო, მაგრამ ახლა ხანდაზმულები მუშაობენ, მათ დარაჯები უფრო ჰქვიათ – იარაღი, ხელკეტიც კი არ აქვთ.
– და რატომ არ გყავთ დაცვა? – ვეკითხები.
ბიჭი მხრებს იჩეჩავს.
– ადრე მშობლებისგან დაცვის ფულის აგროვებდნენ. მაგრამ შემდეგ რატომღაც შეწყვიტეს.
განათლების შესახებ კანონის თანახმად, სკოლების დაცვისთვის თანხა მუნიციპალიტეტმა უნდა გამოყოს. ყაზანი კი ღარიბ ქალაქებს არ განეკუთვნება…
175-ე გიმნაზიაში არის მეტალოდეტექტორები, მაგრამ, მოსწავლეთა თქმით, ისინი თითქმის ყოველთვის გამორთული იყო.
– მხოლოდ სახელმწიფო გამოცდებზე რთავენ, ჩვეულებრივ დღეებში კი გამორთულია, არასდროს წრიპინებს – ამბობს ნიკიტა.
ნიკიტას გაუმართლა: მას ჩაეძინა და სკოლაში მეორე გაკვეთილისთვის მიდიოდა.
– როდესაც სკოლას მივუახლოვდი, დავინახე, რომ ორი პატარა ბავშვი გამორბოდა სკოლიდან, დაწყებითი კლასებიდან. შემდეგ სროლის ხმა გავიგონე და აღარ წავედი. ჩემი კლასიდან, როგორც ვიცი, არავინ დაშავებულა.
ღია კარებში შევიდა
მერვეკლასელი დანა, როდესაც სროლა გაისმა, რუსულის გაკვეთილზე იჯდა.
”მოულოდნელად სკოლის დირექტორმა სპიკერის საშუალებით გამოაცხადა, რომ სკოლაში ტერორისტები იყვნენ და კარები სასწრაფოდ უნდა ჩაგვეკეტა. დაახლოებით 9:30 საათი იყო. კლასში გამოვიკეტეთ, ბიჭებმა რამდენიმე მერხი კარამდე მიათრიეს. ვისხედით და ჩუმად ვიყავით. როგორც ჩანს, მას ჩვენს კლასთან არ ჩაუვლია”.
გალიავიევი დერეფნებში დადიოდა და კარების გაღებას რიგრიგობით ცდილობდა. სამწუხაროდ, ინგლისური ენის კლასის კარი დაკეტილი არ დახვდა, იქ იმ დროს 8ა კლასს გაკვეთილი უტარდებოდა.
გალიავიევმა აქ მოსწავლეები და ახალგაზრდა მასწავლებელი, 26 წლის ელვირა იგნატიევა მოკლა. მოგვიანებით წერდნენ, რომ მკვლელს იგნატიევასთან პირადი ანგარიშები ჰქონდა, მაგრამ სკოლის მოსწავლეები, რომლებსაც გავესაუბრე, ამტკიცებენ, რომ ეს შეუძლებელია: მასწავლებელი სკოლაში მაშინ მოვიდა, როდესაც გალიავიევს ის უკვე დამთავრებული ჰქონდა.
“გარდა ამისა, ის კარგად სწავლობდა“, – ამბობს კამილა, რომელმაც სკოლა ილნაზის შემდეგ ერთ წლით გვიან დაამთავრა და მას იცნობდა – რამდენადაც ვიცი, მასთან პრეტენზიები არ ჰქონიათ არც სწავლასთან, არც ქცევასთან დაკავშირებით. მეგობრებიც არ ჰყოლია: ის მშვიდი და საკუთარ თავში ჩაკეტილი იყო, ურთიერთობა არავისთან ჰქონია.
ეროვნული გვარდიისა და სასწრაფო დახმარების პირველი წარმომადგენლები გიმნაზიაში სროლის დაწყებიდან ხუთი წუთის შემდეგ მივიდნენ. ამ დროს თვითმხილველები აფეთქებებზე ჰყვებიან.
შემდეგ მაშველი ძალაც მოვიდა. პოლიცია და ეროვნული გვარდია შტურმისთვის ემზადებოდნენ, მაგრამ გალიავიევმა დანებება თავად გადაწყვიტა.
20 წუთიანი ხოცვა-ჟლეტის განმავლობაში მან შვიდი ადამიანი მოკლა, მათ შორის დაწყებითი კლასის მასწავლებელი ვენერა აიზატოვა. ორი მოსწავლე სროლის დროს მესამე სართულის ფანჯრიდან გადახტა და დაიღუპა. სულ 32 ადამიანი დაშავდა.
არანაირი “ფსიქიკური ტრავმა”
პოლიციაში პირველი დაკითხვის დროს, ილნაზ გალიავიევი პოლიციას აგინებდა და მოითხოვდა, რომ მომხდარი “ფსიქიკურ ტრავმას” არ დაბრალებოდა.
მართლაც, ფორმალურად, მას ფსიქოტრავმა არ აქვს: ბოლოს და ბოლოს, ის ვერ იპოვეს ვერც სკოლის ფსიქოლოგებმა, ვერც ფსიქონევროლოგიური დისპანსერის ექიმებმა და ვერც რუსეთის გვარდიის თანამშრომლებმა, რომლებმაც მას იარაღზე ლიცენზია მისცეს…
ფსიქიკური ტრავმის ნიშნები ვერც იარაღის მაღაზიის გამყიდველებმა შენიშნეს, სადაც მან თურქული წარმოების თოფი Hatsan Escort და 350 ვაზნა იყიდა.
მსროლელის სახლისკენ მივდივარ. შესასვლელთან შავნიღბიანი პოლიციელი, უმცროსი ლეიტენანტი მაჩერებს.
– გარედან არავის ვუშვებთ. მხოლოდ აქ ჩაწერილებს.
ნახევარი საათის შემდეგ, მესამე სართულის ფანჯრიდან მამაკაცი იხედება.
– საერთოდ არაფერი ვიცი ამ ოჯახის შესახებ – ყვირილით ჰყვება იგი – ბიჭს ვხედავდი, მაგრამ გამარჯობაც არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. მე ის არ მინახავს, ეზოში ვინმესთან ფეხბურთი ეთამაშა ან ვინმესთან ერთად ევლო. ყოველთვის მარტო იყო.
– მამამისი ერთხანს სვამდა, მაგრამ შემდეგ მოულოდნელად შეწყვიტა. ილნაზი მაშინ ჯერ პატარა იყო, – ამბობს სხვა მეზობელი – მათი ოჯახი მშვიდი და არც ისე მდიდარია. არაკომუნიკაბელურები არიან.
ორ საათში გალიავიევის ოჯახის ხუთ მეზობელთან საუბარს ვახერხებ. მაგრამ მათ შესახებ არავინ არაფერი იცის. მხოლოდ ესალმებოდნენ.
– ამ ამბის გარშემო ბევრი ფეიკია – ამბობს შესასვლელთან მორიგე პოლიციელი – წერენ, რომ მის ბინაში აფეთქება მოხდა. მაგრამ ეს არ მომხდარა. კიდევ ამბობენ, რომ მას თანამზრახველი ჰყავდა, ორიც კი – ეს ასევე ტყუილია. ჯერჯერობით ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ის მარტოხელა გიჟი იყო.
– და როგორ გაგეპარათ?! – ვეკითხები.
პოლიციელი არ მპასუხობს.