ენერგოკრიზისი აფხაზეთში მწვავდება, ბჟანია სიტუაციის გამოსწორებას ერთი კვირის ვადაში მოითხოვს
აფხაზეთში კრიპტოვალუტის მაინინგით გამოწვეული ენერგოკრიზისი კიდევ უფრო გამწვავდა. ელექტროენერგია საკმარისი არ არის და მთელ აფხაზეთში რეგულარულად დენი ითიშება. ხელისუფლების ყველა მცდელობის მიუხედავად, მაინინგის პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდა. ასლან ბჟანიამ ჩინოვნიკებს ზუსტად ერთი კვირა მისცა, რომ აფხაზეთში ენერგომოხმარება ერთი წლის წინანდელ დონემდე დაიყვანონ, წინააღმდეგ შემთხვევაში მათი გათავოსუფლებით იმუქრება.
გადატვირთული ელექტროგადამცემი ხაზების გამო, თითქმის მთელ აფხაზეთში შუქი დღეში რამდენჯერმე ითიშება. ზოგან – დღეში ათ საათზე მეტი ხნით.
- ენგურჰესი მინიმუმ 100 დღით სრულად გაჩერდა
- უშუქობა. ამბები აფხაზეთიდან
- მოსაზრება: აფხაზეთი უშუქოდ და ბიზნესი სახელმწიფოს ხარჯზე
20 იანვრიდან აფხაზეთის ელექტრომომარაგების ერთადერთი წყარო, ენგურჰესი, რემონტის გამო აპრილის ბოლომდე გაჩერდა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში აფხაზეთს ელექტროენერგიით რუსეთი მოამარაგებს. მაგრამ, რუსეთის მიერ მოწოდებული ელექტროენერგია (800 მილიონი კვტ), აფხაზეთისთვის აშკარად არასაკმარისია მოხმარების არსებული დონის გათვალისწინებით.
ენერგეტიკული კომპანიის “ჩერნომორენერგოს” ხელმძღვანელი, მიხეილ ლოგუა მიიჩნევს, რომ აფხაზეთს მინიმუმ კიდევ 150 მილიონი კვტ. სჭირდება, თუმცა ამის რესურსი არ არსებობს, ამიტომ ერთადერთი გამოსავალი მომჭირნეობაა.
ელექტროენერგიის მოხმარება 2019 წელთან შედარებით 21% -ით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ ენგურჰესის ჰიდროელექტროსადგურის გაჩერებამდეც, მის მიერ გამომუშავებული ენერგიიდან საკუთარი 40% წილი აფხაზეთს აღარ ჰყოფნიდა. მოხმარების მკვეთრი ზრდის მთავარი მიზეზი კრიპტოვალუტის მაინინგია. არალეგალური კრიპტოფერმები უზარმაზარი რაოდენობის ელექტროენერგიას მოიხმარს.
აფხაზეთის ხელისუფლებამ 2018 წლის ბოლოს მაინინგი აკრძალა. თუმცა, უშედეგოდ , მოხმარებამ მხოლოდ მოიმატა. შემდეგ გადაწყდა მისი ლეგალიზაცია ელექტროენერგიის მოხმარების კონტროლის მიზნით. ამანაც შედეგი ვერ მოიტანა.
ელექტროენერგიის დეფიციტისა და გადატვირთული ელექტროგადამცემი ხაზების გამო, პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ყველა რაიონში შტაბი შექმნა, რაიონების ხელმძღვანელების პროკურორების, პოლიციის უფროსებისა და ენერგეტიკოსების შემადგენლობით.
”თუ მომდევნო პარასკევამდე, რაიონებში არ იქნება სტაბილური ტენდენცია მოხმარების შემცირებისკენ 2019 წლის მოხმარების დონეზე, პლუს 5%, შტაბის ყველა წევრებს მკაცრ საყვედურს გამოუცხადებენ, ხოლო შემდეგ ორშაბათს ისინი თანამდებობიდან გათავისუფლდებიან. არასწორია ამ პრობლემის გადაჭრის დაკისრება მხოლოდ ეკონომიკისა და შინაგან საქმეთა სამინისტროებისათვის. ყველა სოფლის გამგებელმა იცის, ვინ აკეთებს ამას. ერთ კვირაში თქვენ უნდა გააკონტროლოთ სიტუაცია, ”- თქვა ასლან ბჟანიამ.
გარდა ამისა, ბჟანიას ინიციატივით, ორშაბათს პარლამენტს წარედგინება საკანონმდებლო ინიციატივა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, 1 მეგავატის ელექტროენერგიის უკანონოდ მოხმარებისთვის დაწესდება ჯარიმა 1,5 მილიონი რუბლის (დაახლოებით 20 ათასი დოლარის) ოდენობით, განმეორებითი დარღვევის შემთვევაში კი ქონების ჩამორთმევა მოხდება. ასევე დაგეგმილია სისხლის სამართლებრივი სასჯელის შემოღება.
სტატია მომზადებულია სოხუმის რედაქციის მიერ და პროექტის პირობების თანახმად, დაბეჭდილია უცვლელად. ტექსტში გამოყენებული ტერმინები და ტოპონიმები, ასევე მოსაზრებები და იდეები, გამოხატავს სტატიის ავტორის პირად პოზიციას და ყოველთვის არ ემთხვევა JAMnews-ის და მისი ცალკეული თანამშრომლების მოსაზრებებსა და პოზიციას. JAMnews-ი იტოვებს უფლებას წაშალოს პუბლიკაციის ქვეშ დატოვებული კომენტარები, რომლებიც შეფასდება, როგორც შეურაცხმყოფელი, მუქარის შემცველი, ძალადობის წამქეზებელი და ასევე ეთიკურად მიუღებელი სხვა მიზეზების გამო