ახალი ამბები, რეპორტაჟი: 13 ოქტომბერს, ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებები
-
«ბაქო არ ასრულებს თავის ვალდებულებებს» – სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი
13 ოქტომბერს, მოსკოვში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ზოგრაბ მნაცაკანიანი ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს – იგორ პოპოვს (რუსეთი), ენდრიუ შოფერსა (აშშ) და ეუთოს ხელმძღვანელის პირად წარმომადგენელს, ანჟეი კასპშიკომს შეხვდა. ფრანგი თანათავმჯდომარე სტეფან ვისკონტინი შეხვედრაში დისტანციურად მონაწილეობდა.შეხვედრისას სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბაქო არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს.მნაცაკანიანმა ხაზი გაუსვა, რომ 10 ოქტომბერს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მინისტრების დონეზე გაკეთებული ერთობლივი განცხადების მიუხედავად, აზერბაიჯანი «მიზანმიმართულად იღებს სამიზნეში მშვიდობიან მოსახლეობასა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას».მან კიდევ ერთხელ მოითხოვა, ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში, ცეცხლის შეწყვეტის მნიშვნელოვან საშუალებად გადამოწმების მექანიზმების შემოღება -
France 24-ის კორესპონდენტი აზერბაიჯანში მუშაობაში ხელის შეშლაზე ჩივის
ფრანგული ტელეკომპანია France 24-ის კორესპონდენტი – საერთაშორისო პრესის რამდენიმე წარმომადგენლიდან ერთ-ერთი, რომელიც აზერბაიჯანმა შეუშვა, მაყურებელს აფრთხილებს, რომ შეიძლება ვერ გააშუქონ კონფლიქტი ისე, როგორც სურთ.
ჟურნალისტი მაყურებელს უყვება, რომ მას მუდმივად თან ახლავს აზერბაიჯანის მთავრობისგან მიმაგრებული „ძიძა“ – ადამიანი, რომელიც ეუბნება მას, სად და რა უნდა გადაიღოს. ამის გამო, „ძალიან რთულია“ რეალური წარმოდგენის შექმნა იმის შესახებ, თუ რა ხდება.
-
13 ოქტომბრის დილისთვის არსებული ვითარების მოკლე მიმოხილვა
ყარაბაღში, ბრძოლების დაწყებიდან მე-17 დღე
• 10 ოქტომბრის ღამეს ხელმოწერილი ზავის მიუხედავად, ორივე მხარე აგრძელებს დასახლებული პუნქტების მასირებულ დაბომბვას.
• სომხური მხარის ცნობით, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, 27 სექტემბრიდან მოყოლებული, დაიღუპა 532 სამხედრო მოსამსახურე და 31 მშვიდობიანი მოსახლე. დაჭრილთა რაოდენობის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება.
• აზერბაიჯანი მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობას შორის მსხვერპლის შესახებ საუბრობს – 42 დაღუპული და 206 დაჭრილი, საბრძოლო მოქმედებების დაწყებიდან, 27 სექტემბრიდან მოყოლებული.
• ექსპერტები ბრძოლისა და დაბომბვის მასშტაბურობიდან გამომდინარე, რომელიც უკვე მესამე კვირაა გრძელდება, ვარაუდობენ, რომ დაჭრილთა და გარდაცვლილთა რიცხვი ორივე მხარეს ძალიან დიდია.
• გრძელდება ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები იმის შესახებ, თუ ვინ აკონტროლებს ყარაბაღში, ქალაქ ჰადრუთს. სომხური მხარის ცნობით, მთელი დღის განმავლობაში გრძელდებოდა ქალაქის მასირებული დაბომბვა.
• სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მოსკოვში, რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელს შეხვდა. ზოგრაბ მნაცაკანიანმა შეხვედრის შემდეგგანაცხადა, რომ „სომხეთი იყო და რჩება მთიანი ყარაბაღის უსაფრთხოების ერთადერთ გარანტად, რომლისთვისაც ახლა მიმდინარე პროცესები – არსებობის საკითხია“.
• აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა თურქული ტელეკომპანია Haber Global-ისთვის მიცემულ ინტერვიუში, სომხეთი „საზიზღარ პიარში“ დაადანაშაულა და განაცხადა, რომ არ შეუძლია ზუსტად თქვას, თუ როდის დაიწყება მოლაპარაკებები.
-
ახალი ამბები, ფოტო/ვიდეო ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით - 12 ოქტომბერი, 2020